სიახლეები

რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება

24.01.2021
რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღარ აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემის უფლება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანების მიხედვით, რომელიც ძალაში 20 იანვრიდან შევიდა:

  • დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან  ავტომატურად ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად;
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს კი ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია [ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია].

ამასთან, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი  პირი [მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში], შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ აღნიშნული ბრძანების მიღების მიზანი ძირითადად არის ის, რომ არ გამოიწეროს ყალბი ანგარიშფაქტურები და არ შეიქმნას ყალბი აქტივები.

„იყო შემთხვევები, როცა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდებოდნენ იმისთვის, რომ ანგარიშფაქტურები გამოეწერათ. კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ხდება საკითხის შესწავლა – პირს, ვისაც ასეთი სტატუსის მიღება სურს, გაესაუბრება სამსახურის თანამშრომელი, არის კრიტერიუმები და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე [2021 წლის 20 იანვრიდან] ჩაითვალოს მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია [ამ შემთხვევაშიც, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია]. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი 2021 წლის 20 იანვრიდან ითვლება დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბრძანების ამოქმედებისთანავე შესაბამის პირებს უკვე მიენიჭათ არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაშია გაწერილი.

სწორედ ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56​3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელებზე, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: