Batumelebi | 15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა 15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა – Batumelebi
RU | GE  

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა. როგორც „იუნისეფი“ აღნიშნავს, COVID19-ის პანდემიამ კარგად აჩვენა, როგორი მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელის ჰიგიენას დაავადებათა გადაცემის შემცირებაში.

„ხელების დაბანა ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიებაა პირბადის გამოყენებასა და ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად“, – ამბობს იუნისეფი.

რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირის ან ყელის გზით. ყველაზე ხშირად ვირუსი დაბინძურებული ხელების მეშვეობით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

პანდემიის პერიოდში არაერთი ვიდეორგოლი გავრცელდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად, რომ ავიცილოთ ვირუსით დაბინძურების რისკი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მარტივ ინსტრუქციებსაც სთავაზობდა ანტიბაქტერიული ხსნარის სწორად გამოყენებაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე  ხელების დაბანა.

„ადრეულ ასაკში მძიმე დიარეა და ნაწლავური პარაზიტები აფერხებენ ბავშვის განვითარებას. თუმცა ხელების დაბანით საკვების მიღების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ მცირდება მიკრობებით ინფიცირების რისკი და შესაბამისად კლებულობს რიგი დაავადებებისა და ქრონიკული ანთებების განვითარების შანსიც. შედეგად, ორგანიზმი საკვებს სრულფასოვნად ითვისებს, მეტი ენერგია გამოიყოფა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის და ავადმყოფობის გამო იშვიათია სკოლის გაცდენის შემთხევევებიც“, – ნათქვამია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2007-2009 წლების კვლევაში.

კვლევების მიხედვით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს სასმელი წყლის დეფიციტი შეექმნება, რაც ასევე ზრდის დაავადებების გავრცელების რისკს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com