მთავარი,სიახლეები

ელისაშვილის პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

07.09.2020 • 1724
ელისაშვილის პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პარტია „მოქალაქეებმა“, რომლის ლიდერი ალეკო ელისაშვილია, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან იქნება გენრი დოლიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი – გიორგი მასალკინი. რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილმა ამ პოზიციაზე გიორგი გაბაიძე დაასახელა. პარტიას არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში.

„ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ერთადერთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი არის გიორგი მასალკინი, დანარჩენი ყველანი დამწყებები ვართ და ამიტომაც გვჯერა, რომ უკეთესად გამოგვივა, იმიტომ, რომ არ ვივლით იმ გატკეპნილ გზებზე, რომლითაც სხვა პარტიები დადიან. ძირითადად ვერიდებით ცნობად სახეებს, რადგან ეს ცნობადობა ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ რელსებზე დგას, ამიტომ გვინდა ახალი, წესიერი, კვალიფიციური, ამ ქვეყანაზე თავზეხელაღებულად შეყვარებული ხალხი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ბათუმში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან შემდეგი კანდიდატები: რესან კონცელიძე [„ქართული ოცნება“], ლევან ვარშალომიძე [„ნაციონალური მოძრაობა“], იაგო ხვიჩია [„გირჩი“], გენრი დოლიძე [„მოქალაქეები] და ზაურ გაბაიძე [„პატრიოტთა ალიანსი“].

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ტიტე აროშიძე [„ქართული ოცნება“], გიორგი კირთაძე [„ნაციონალური მოძრაობა“], გიორგი მასალკინი [„მოქალაქეები“] და ჯუმბერ ტაკიძე [„პატრიოტთა ალიანსი“].

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩამონათვალი არასრულია, რადგან პარტიების ნაწილს ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატები, მათ ამისათვის ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვთ.

საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები წელს 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: