ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

07.09.2020 • 2388
5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 5000-მდე ფერმერი ითხოვს შესაწამლ/შემასხურებელ აპარატს. სამინისტრო მიმდინარე წელს 500 ცალ ასეთ აპარატს შეიძენს, რომლებსაც თანადაფინანსებით ფერმერებს გადასცემს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 575 ათასი ლარია.

„ტენდერით შეძენილი 500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ფერმერებისთვის გადაცემა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპი არ შეცვლილა – აპარატის ღირებულების 70%-ს სამინისტრო დაფარავს, ფერმერი კი, ღირებულების 30%-ს გადაიხდის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ტენდერის მიხედვით, ერთი ცალი შესასხურებელი აპარატისთვის 1 150 ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული. აპარატის საბოლოო ღირებულება კი ტენდერზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესთავაზებენ სამინისტროს.

ტენდერში გამარჯვებულმა შესაწამლი აპარატები სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს. წინადადებების მიღება 2020 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, შესასხურებელი აპარატის „საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 18 თვეს. მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას საქონლის საგარანტიო ვადაში მომსახურებაზე. სწორი ექსპლუატაციის პირობებში, თუ დაზიანდა ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის რომელიმე ნაწილი ან იქნა აღმოჩენილი ქარხნული წუნი, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საგარანტიო პერიოდში (არანაკლებ 18 თვე) თავისი ხარჯებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს უშუალოდ ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ან/და მისი რომელიმე ნაწილის შეკეთება, ხოლო შეუკეთებლობის შეთხვევაში შეცვლა ან სამინისტროსთვის წუნდებული საქონლის ღირებულების თანხის ანაზღაურება“.

გარანტიის მოქმედების ვადის ათვლა იწყება სამინისტროსა და ფერმერს შორის საქონლის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან. ბენეფიციარს [ფერმერს] საგარანტიო მომსახურება უნდა გაეწიოს აჭარაში, ადგილმდებარეობის მიხედვით.

2020 წლის გაზაფხულზე დარიგებული ერთი ერთეული შესაწამლი აპარატის ღირებულება, სამინისტროს ინფორმაციით, 1000 ლარი იყო. ფერმერი თანადაფინანსების პირობებში 190 ლარს იხდიდა:

ვინ მიიღებს და როდის სოფელში შესაწამლავ აპარატს?

მთავარი ფოტო არქივიდან / აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: