მთავარი,სიახლეები

შენი ღამის ცეკვა ზღვაზე – სუხიშვილების საკლუბო პროგრამა კლუბში UP2U Batumi

16.08.2020 • 2323
შენი ღამის ცეკვა ზღვაზე – სუხიშვილების საკლუბო პროგრამა კლუბში UP2U Batumi

აკადემიური საკონცერტო დარბაზები გაძლევს საშუალებას უყურებდე შენს საყვარელ სპექტაკლს, ცეკვებს. ასეთ დარბაზებში შენი, როგორც მსმენელის როლი პასიურია – მხოლოდ მაყურებელი ხარ.

თანამედროვე ხელოვნება ნელ-ნელა ცდილობს გააქროს ზღვარი მაყურებელსა და იმ ამბებს შორის, რაც სცენაზე ხდება.

ასეთი იყო 15 აგვისტოს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის საკლუბო პროგრამა, რომლის შთაგონების წყაროც ეროვნული ფოლკლორია.

15-16 აგვისტოს ორდღიან ივენთებზე სუხიშვილების დასი მთელი შემადგენლობით ჩამოვიდა.  კონცერტები კლუბ UP2U BATUMI -ის მთავარ სცენაზე იმართება.

15 აგვისტოს კლუბის ღია ცის ქვეშ, ზღვის პირას აგიზგიზებული ქართული ცეკვების ცეცხლი ენთო. ბასების და დრამის რიტმზე ვერ იგებდი ზუსტად სად მთავრდებოდა ფოლკლორი და სად იწყებოდა ტრადიციული ჟღერადობის საკლუბო ვერსია, რომელსაც სადღაც მიყავდი, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხარ, მაგრამ სიამოვნებით ყვებოდი მელოდიას და ამჩნევდი, თურმე ხორუმზე ცეკვავ, ოღონდ შენებურად, ისე როგორც შენ გინდა.

ეს ბგერები შენია, მოძრაობებიც შენი, მაგრამ ამავე დროს ისეთიც, როგორც საუკუნეების წინ ცეკვავდნენ შენი წინაპრები ლხინის, დღესასწაულების, ბედნიერი დღეების დროს.

კლუბში UP2U BATUMI 15 აგვისტოს უამრავი ხალხი მოვიდა, თუმცა გაცილებით მეტ მაყურებელს სურდა მოსვლა, იმაზე მეტს ვიდრე ბილეთების რაოდენობა იყო.

მას შემდეგ, რაც „სუხიშვილების“ საკლუბო კონცერტი დასრულდა დიდ სცენაზე, მეორე სცენაზე დაიწყო UP2U BATUMI-ს ღამე, რომელიც დილამდე გაგრძელდა ცნობილი არტისტების: Lasha Chapel-ის, Audio space-ის, Modular synth affection-ის და Clamour-ის მუსიკით.

„სუხიშვილების კლუბურ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გვინდოდა ეს პროგრამა ბათუმშიც ენახათ. კლუბში UP2U BATUMI ბევრი ღონისძიება იყო ამ ზაფხულს, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ სუხიშვილები განუმეორებელია და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სეზონის საუკეთესო ღონისძიება იყო.

ყველას, ვისაც ნაციონალური ბალეტის ეს ვერსია არ აქვს ნანახი, ვურჩევ მოვიდეს და აუცილებლად ნახოს“ – ამბობს კლუბ UP2U BATUMI-ში სუხიშვილების საკლუბო კონცერტის ერთ-ერთი ორანიზატორი, სიკო ჭუმბურიძე.

დღეს, 16 აგვისტოს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის საკლუბო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, ეს ბოლო დღეა ამ ზაფხულის სეზონზე, როცა ბათუმში ლეგენდარული ქორეოგრაფიის ექსპერიმენტული პროგამით შეგიძლიათ დატკბეთ.

კლუბშ UP2U Batumi საღამოები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ტარდება და დაცულია ყველა ის ნორმა, რაც კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლადაა გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი