ბათუმში ბლოკ-პოსტები უკვე გახსნილია, სადაც მოქალაქეებს თერმოკამერების საშუალებით ამოწმებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე კი მობილიზებულები არიან როგორც სამხედრო პირები, ასევე პოლიცია. პოლიცია აჩერებს და გაფრთხილებას აძლევს ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც კარანტინით განსაზღვრულ წესებს არღვევენ.

წესების მიხედვით, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს, გარდა ამისა, უკანა სავარძელზე შესაძლებელია მხოლოდ ორი ადამიანის განთავსება.

დღესვე საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რის გამოც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ, გარდა იმ მოქალაქეებისა და ავტომანქანებისა, რომლებსაც ექნებათ მთავრობის სპეციალური საშვი.

ქალაქებში ბლოკპოსტების განთავსებაზე განცხადება გუშინ, 30 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ბლოკპოსტები მოეწყო ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში.
რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი