ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სპეციალური კარადა, რომელშიც ელექტროკაბელებია დაერთებული, ღიაა. ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა, რომელიც გვწერს, რომ პარკის ტერიტორიაზე გარდა ამ კარადისა, რამდენიმე ადგილზე ელექტროკაბელები ისეა გადაბმული, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

ბათუმის გარეგანათებებს წინასაახალწლოდ დეკორატიული განათებაც ემატება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „აჭარგანათებას“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დღეში ერთხელ, მათი სამსახურის მიერ, მუდმივად კონტროლდება გარეგანათებები ქალაქის მასშტაბით.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის კარადა რომელიმე მოქალაქემ გააღო და დატოვა. ხშირად ხდება ასეთი ფაქტები – ძირითადად, მობილურ ტელეფონებს მუხტავენ. ამჯერად თანამშრომელი გავა ადგილზე და კარადას დალუქავს. სხვა ადგილებიც მოწმდება და დაზიანების, ან სხვა დაღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვუკავშირდებით „აჭარგანათებას“ და პრობლემა გვარდება“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

ღია ელექტროკაბელების კარადა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან / 5.01.2020 / ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version