მთავარი,სიახლეები

„პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება 50 ძროხა“ – პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ საქართველოში

24.10.2019
„პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება 50 ძროხა“ – პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ საქართველოში

26 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოში პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა და მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია, მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება.

ღონისძიების ორგანიზატორებია „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.

„მესაქონლეობის ექსპო“ მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრს ითვალისწინებს სხვა აქტივობებთან ერთად.

„საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება.

სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები – მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური – შეფასდებიან ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ღონისძიება თბილისის იპოდრომთან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისთვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს.

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები.

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

______________

ფოტო: pexels

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.