მთავარი,სიახლეები

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

03.09.2019
ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან იმართება აქცია “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებიც უკვე 2 თვეზე მეტია, მართავენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და თუ გახარია ახალი პრემიერი იქნება, ეს იქნება მისი დაწინაურება და შესაბამისად, მთელი გუნდი იქნება პასუხისმგებელი მის ქმედებებზე.

გიორგი გახარია 1994 წლიდან 2013 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში, რუსეთში. მან საქართველოში 2013 წელს ბიზნესომბუდსმენად დაიწყო მუშაობა და ამ პოზიციას 2016 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან კი ეკავა ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავად ხელმძღვანელობდა თბილისში 20-21 ივნისის აქციის დარბევას, რა დროსაც არაერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელების ნასროლი რეზინის ტყვიებით კი დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: