მთავარი,სიახლეები

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

16.08.2019 • 2866
სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც კი არ შესრულებულა.

2015 წელს, მაშინ, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის “მომსახურება ჯერ შეისყიდა, შემდეგ კი ტენდერი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო შეწყვიტა, ედნარ ნატარიძე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი იყო. ამ დროს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბრალდებული ეგარსლან ლომაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო არჩილ ვანაძე  მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ედნარ ნარატიძეს კითხვები დაუსვა, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე შვიდივე დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატმა. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, ნატარიძემ, როგორც განყოფილების უფროსმა, შეისწავლა თუ არა დეტალურად მოხსენებითი ბარათი, რომელიც მას დაეწერა და რომელიც შპს „კონვენტ ჯორჯიასთვის“ სადაზღვევო გარანტიის სახით თანხის გადარიცხვას გულისხმობდა.

შეისწავლა თუ არა დეტალურად შპს „კონვენტ ჯორჯიასთვის“ თანხის გადარიცხვის დოკუმენტები, გაუჩნდა თუ არა რაიმე ეჭვი და რომ გასჩენოდა ასეთი ეჭვები, აცნობებდა თუ არა ზემდგომს? – ამ შინაარსის კითხვები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ორივე მხარეს ჰქონდა.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ნატარიძეს წაუკითხა სამსახურის დებულების ერთ-ერთი მუხლი, სადაც, ადვოკატისავე თქმით, წერია, რომ საბიუჯეტო განყოფილება, რომელსაც ნატარიძე ხელმძღვანელობდა, მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციის უნდა იღებდეს და ამუშავებდეს.

„თქვენ არ განახორციელეთ იმ ინფორმაციის დამუშავება, რომელიც გევალებოდათ? – ჰკითხა მას ადვოკატმა.

ნატარიძემ განმარტა, რომ პუნქტი, რომელიც ადვოკატმა წაიკითხა, გულისხმობს არა შესრულებული სამუშაოების კონტროლს, არამედ ბიუჯეტის დაგეგმარების ეტაპზე წარდგენილი წინადადებების განხილვა-დამუშავებას.

ეს კითხვა მას ადვოკატმა რამდენიმეჯერ გაუმეორა, თუმცა ნატარიძეს პასუხის შინაარსი არ შეუცვლია.

როდესაც თქვენ თვით, რომ [ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის შესყიდვასთან დაკავშირებული] დოკუმენტები, რომლებიც დაგეწერათ დეტალურად არ შეისწავლეთ, რადგან თქვენი კომპეტენცია არ იყო, თქვენ იცრუეთ? – ადვოკატმა ისევ ჰკითხა ედნარ ნარატიძეს, რაზეც მიიღო პასუხი – „რა თქმა უნდა, არ მიცრუია“.

ედნარ ნატარიძისთვის კითხვის დასმა ბრალდებულმა ეგარსლან ლომაძემაც მოინდომა. მან ჰკითხა  ყოფილ თანამშრომელს ახსენდება თუ არა მომენტი, როცა მან, როგორც ხელმძღვანელმა, ედნარ ნარატიძეს ზეპირად ან წერილობით ფინანსურ საკითხებზე კონსულტაცია სთხოვა – რაზეც ნარატიძემ უპასუხა, რომ არ ახსენდება. ლომაძის ადვოკატს ისიც აინტერესებდა, შეაფასებდა თუ არა ნარატიძე ეგარსლან ლომაძეს, როგორც გამოცდილ და ძლიერ ფინანსისტს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ყველაზე ღირებული არჩილ ვანაძის ადვოკატისთვის აღმოჩნდა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ დაზღვევის პრემიის სახით თანხის გადარიცხვას ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, არჩილ ვანაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბათილებს, რადგან მას პროკურატურა სწორედ ამ ტრანზაქციის დადასტურების გამო ედავება და მეტი მტკიცებულება არჩილ ვანაძის წინააღმდეგ არ არსებობს.

„მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რითაც დასტურდება, რომ ბრალდება არჩილ ვანაძის მიმართ არის უსაფუძვლო. მან მოგვაწოდა ინფორმაცია იმას თაობაზე, თუ რას ნიშნავს ზედნადები ხარჯი. ბრალდების მხარე არჩილ ვანაძეს ედავება, რომ მან მერიის მხრიდან დაადასტურა ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის ხარჯების გაგზავნა კონკრეტული კომპანიის სახელზე. ედავება იმას, რომ აღნიშნულ ხარჯებს არ ითვალისწინებდა გაფორმებული ხელშეკრულება და თითქოს არჩილ ვანაძეს არ უნდა დაედასტურებინა. კონკრეტული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ზედნადებ ხარჯებს, მან დაგვიდასტურა, რომ სწორედ ზედნადებ ხარჯებში შედის ფინანსური პრემიის სადაზღვევო ხარჯი. შესაბამისად, არჩილ ვანაძის ქმედება იყო კანონიერი.“

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემაც. მისი თქმით, მოწმემ მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცდება.

მაღალი თანამდებობის 7 პირი პროკურატურამ ბათუმში 30 მაისს დააკავა.

მთავარი ფოტო: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი სასამართლო დარბაზში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: