ნეტგაზეთი • RU

სტიქიის შედეგად ქობულეთში 1000-მდე ოჯახი დაზარალდა

 

გუშინ, ქობულეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, როგორც ქალაქში, ისე მიმდებარე სოფლებში დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი. ძირითადად  გელაურის დასახლებასა და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაზარალდნენ – ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

 

 

 

სტიქიის შედეგების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ვითარებას აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობს. 

 

ამ წუთებში გზებისა და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს. ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე 15 მეწყრული მოვლენა ფიქსირდება, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია.

 

 

როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. მთავრობის ცნობით, ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება უახლოეს დღეებში მოხდება, რის შემდეგაც ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

 

უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6 და ჭახათის 5 ოჯახი. ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება.

 

 

“ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა. რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი იყო. ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტერიტორიაზე აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა 20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ”.

 

შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან სრულად აღდგება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები“