სიახლეები

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: იაფი სახლის პროგრამაში ხარვეზებია

09.10.2015 • 1670
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: იაფი სახლის პროგრამაში ხარვეზებია


“იაფი სახლის” სტანდარტული საცხოვრისის მიზნობრივი პროგრამის განმარტებითი ბარათი არასრულად არის შემუშავებული. განმარტებით ბარათში მოცემული არ არის “იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისის” დეტალური განსაზღვრება, ასევე არ არის მითითებული, თუ როგორი იქნება საცხოვრისის „გრძელვადიანი გამოსყიდვის მექანიზმი“.


არ არის დადგენილი ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარების შერჩევის პრინციპები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამაში ჩართვას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები შეძლებენ. თუკი ასეთი ოჯახების რიცხვი აღემატება იმ რაოდენობას, რომლის დაკმაყოფილების საშუალება მერიას აქვს, გაუგებარია, თუ რა კონკრეტული პრინციპით მოხდება მათი შერჩევა.


პროგრამის განხორციელებამდე ბათუმის თვითმმართველობას არ ჩაუტარებია კვლევა პროგრამის შესაძლო ბენეფიციარებისა და მისი განხორციელების პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამჟამად ბათუმის მერიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2000-მდე განაცხადია, თუმცა არც ეს პირები გამოკითხულან, თუ რამდენად შეძლებენ თანამონაწილეობის პრინციპით საკუთარი კონტრიბუციის შეტანას საცხოვრისის მისაღებად; პროგრამით ასევე არ არის განსაზღვრული საცხოვრისის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს მოქალაქის თანადაფინანსება. დაუდგენელია პროცედურები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ვეღარ შეძლებს ყოველთვიური კონტრიბუციის შეტანას;

 

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მიერ 2015 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადების თანახმად, იგეგმებოდა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კრიტერიუმების განსაზღვრაზე იმუშავებდა. თუმცა, ამ დრომდე კომისია არ შეკრებილა.

 

პროცესში სათანადოდ არ არიან ჩართული არასამათავრობო ორგანიზაციის, სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ურბანისტები, სოციოლოგები. დარგის სპეციალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების პროცესში ჩართულობა კი პროექტის მიმდინარეობის მეტ გამჭვირვალობას და მიუკერძოებელ მიდგომას უზრუნველყოფს.“ – აღნიშნულია განცხადებაში. 


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული სახით პროგრამის განხორციელება შემდეგ რისკებს შეიცავს:


„პროგრამაში ჩასართავი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე რაოდენობა არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ბენეფიციარი პირების განსაზღვრის პროცესი; ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ისევე, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს უსახლკარო მოქალაქეთა ერთიანი რეესტრი. დღემდე მოქმედი პრაქტიკით, უბინაოები საცხოვრისებით კმაყოფილდებიან თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული პირადი განცხადებების საფუძველზე;


არ არის გათვალისწინებული კორუფციის პრევენციული მექანიზმები;


არასრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამის გამო, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია “იაფი სახლის” პროგრამის შესახებ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა კი შესაძლოა, უსახლკარო/დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;


მომდევნო წლებში იაფი სახლის პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მილიონობით ლარს დახარჯავს მშენებლობაზე ახალი იაფი სახლების პროექტების ფარგლებში და შესაძლოა საფრთხე შეექმნას იმ სამშენებლო კომპანიების საქმიანობას, რომელთა სამიზნე სეგმენტი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები არიან.


გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცენდენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი ნორმატიული აქტის სახით (არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა), მიგვაჩნია, რომ ბათუმის მერიამ ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა შეისწავლოს სამშენებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გათვალოს რისკები, რათა საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად მიზნობრივად დაიხარჯოს. ამავე დროს, პროგრამის განხორციელებამ არ უნდა შეუშალოს ხელი კერძო ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელებას.“



გადაბეჭდვის წესი