სიახლეები

აჭარაში განვითარებული სტიქიის შედეგები – ბოლო მონაცემები

13.11.2015
აჭარაში განვითარებული სტიქიის შედეგები – ბოლო მონაცემები

 

მუნიციპალიტეტებში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა დააზიანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, კერძოდ – გადახადა სახურავები. მთავრობის ცნობით, ამ წუთისთვის მოსახლეობა უზრუნველყოფილია დროებითი გადახურვით (ბრეზენტი). გარდა ამისა, სტიქიის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, რომელთაც დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

 

ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მახუნცეთში მეწყერმა ჩაკეტა, მილ-ხიდი. მდინარემ კი დატბორა გზა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. მთავრობის ინფორმაციით ამ წუთისთვის მეწყერი გაწმენდილია და მდინარე დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვნის მოსახლეობა, რომელსაც საფრთხე შეუქმნა განვითარებულმა მეწყერმა,  გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას (მეზობლებთან, ნათესავებთან), გეოლოგებმა შეისწავლეს მდგომარეობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება დასკვნის შემდეგ.

 

“გარკვეული პრობლემა შეგვექმნა გუშინ სოფელ ვაშლოვანში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. გარემოს დაცვის დეპარტამენტის გეოლოგები გუშინვე ავიდნენ ვაშლოვანში და მუშაობენ აქტიურად. ევაკუირებული იქნა თუ არ ვცდები 5 ოჯახი, დანარჩენი გაჩერდა, მაგრამ დღეს გვექნება დასკვნა, მოხდება თუ არა ამ მოსახლეობის იმ ტერიტორიებიდან გადასახლება,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

 

აჭარის მთავრობის ცნობით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.

 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაკეტილია ქედა-დანდალო-არძენაძეების გზა, ნიგაზეულის-დიდი რიყეთის გზები, სადაც მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. დანარჩენი მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ახალციხის გზაზე განვითარებულია მეწყრული პროცესები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა არ არის შეწყვეტილი; გოდერძის უღელტეხილზე კი თოვლისა და ნამქერის გამო, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მოძრაობა აკრძალულია.

 

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ელექტროენერგია ჯერაც არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს.

 

სასწავლო პროცესი აღდგენილია ყველა სკოლაში.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად, მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.