„მას მხარს ვერ დავუჭერდი“ – ირაკლი ჭეიშვილი აჭარაში აუდიტის სამსახურის უფროსის დანიშვნაზე  


მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო და სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ. გენერალურ აუდიტორს კახაბერ კირტავას დანიშვნა სურს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე აჭარაში, რასაც უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. მეშვიდე წელია უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე უარს ამბობს. კახაბერ კირტავა 2011 წლიდან დღემდე აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია აჭარაში.

„წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამაც მას უარი უთხრა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაძლოა, ის იყო მსხვერპლი იმ წინა ხელისუფლების, მე ამასაც ვამბობ. მე მხარს ვერ დავუჭერდი, ვიცი, რომ ძალიან კომპეტენტურია. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში და აკრიტიკებ წინას, არ შეიძლება იმ პოლიტიკის მატარებელი ადამიანი მოიყვანო,“ – ასეთი ახსნა აქვს ირაკლი ჭეიშვილს იმაზე, თუ რატომ თქვა ამჯერადაც უარი უმაღლესმა საბჭომ კახაბერ კირტავას კანდიდატურაზე. ირაკლი ჭეიშვილი უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც მუშაობდა და მაშინდელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსიც იყო.

ირაკლი ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შედარება არ არის სწორი, რადგან „კირტავას დროს ადამიანებს იბარებდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ფულის შეწირვის გამო გაუმართლებელ სანქციებს აკისრებდნენ, მე განყოფილების უფროსი ვიყავი…“ – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა. მან ამის მაგალითად დეპუტატი დავით ბაციკაძე დაასახელა, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შეწირვის გამო ნამდვილად დააჯარიმეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ პირველი პირი აჭარაში ამბობს, რომ გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. ირაკლი ჭეიშვილს ვკითხეთ, რატომ არ მოიაზრება გუნდის ნაწილად აუდიტის სამსახური? – კახაბერ კირტავას კანდიდატურა ამჯერად ირაკლი მექვაბიშვილმა წარმოადგინა. იგი გასული წლის შემოდგომაზე დანიშნეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე.

„გუნდი ერთი ვართ, მაგრამ გუნდის შიგნითაც არის ბჭობა. შეიძლება ერთს მოსწონდეს და სხვას – არა,“ – განმარტა ირაკლი ჭეიშვილმა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან საუბარი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ჰქონდა და წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამჯერადაც დეპუტატები კირტავაზე უარს იტყოდნენ.

კონსულტაციებს უარყოფენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. „გენერალური აუდიტორი პირდაპირ წარადგენს თავის კანდიდატს და კონსულტაციების ფორმატი, ზოგადად, არ გვაქვს,“ – მოგვწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრიდან. აუდიტის  სამსახურიდან ასევე მოგვწერეს, რომ გაუგებარია, რატომ ამბობს უარს უმაღლესი საბჭო კახაბერ კირტავაზე.

„კახაბერ კირტავას კანდიდატურა შერჩეულია პროფესიული ნიშნით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის უცნობია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია. კახაბერ კირტავა ამჟამად კვლავ ასრულებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ის არის მაღალი კლასის პროფესიონალი, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი კადრი, შესაბამისად, არ გვაქვს მიზეზი მისი კანდიდატურის მოხსნის. დეპუტატების არგუმენტებს რაც შეეხება, კირტავას არავითარი შეხება არ ჰქონია მათ მიერ ნახსენებ თემებთან“, – აღნიშნულია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს ჩვენ კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვით: რატომ არ დგება კახაბერ კირტავას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ის უკანონოდ მოქმედებდა 2012 წლამდე და რამდენად ნორმალურია, როცა მეშვიდე წელი უმაღლესი საბჭო და აუდიტის სამსახური ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ?

„კი, ეს ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესია თავიდან ბოლომდე. ეს უმაღლესი საბჭოა, არჩევითი ორგანო და ხშირ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს… მე არ ვიცი სამართლებრივ ნაწილში იყო თუ არა დანაშაული. მე მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე,“ – გვითხრა დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.

რა როლი აქვს შესრულებული 2012 წელს კახაბერ კირტავას მაშინდელი ოპოზციის და დღეს უკვე სახელისუფლებო წევრების დაჯარიმებაში? – ეს კითხვა გვინდოდა თავად კახაბერ კირტავასთვის დაგვესვა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი