მთავარი,სიახლეები

რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები

21.09.2018
რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები

20 სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF ) ფარგლებში გასამართი კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ევროპის მოედანზე მიმდინარე როკჯგუფ brainwashed-ის კონცერტი გახდა. სანამ კონცერტი არ დასრულდა, BIAFF -ის მენეჯმენტმა კინოჩვენების დაწყება ვერ შეძლო. კინოფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.

ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, შვიდი წელია, რაც კინოფესტივალმა დახურულ ჩვენებებს დაამატა ღია ჩვენებები  ევროპის მოედანზე და ამ ხსნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა კინოჩვენებას რაიმე სხვა ღონისძიება დამთხვეოდა.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსის მერაბ ქიძინიძის თქმით, ევროპის მოედანზე კინოჩვენების გამართვაზე ნებართვის მისაღებად ფესტივალის მენეჯმენტს მერიისთვის არ მიუმართავს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაემთხვა  მერიის  მხარდაჭერილი ორი ღონისძიება ერთმანეთს, მერაბ ქიძინიძემ თქვა, რომ მისმა სამსახურმა წინასწარ არ იცოდა, როდის ჩატარდებოდა BIAFF-ის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენება ევროპის მოედანზე.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) 2018 წელს მეცამეტედ იმართება. ფესტივალის პროგრამა და განრიგი მის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება. უშუალოდ საფესტივალო დღეებში კი აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს აფიშისა და ადგილების შესახებ, სადაც კინოჩვენებები გაიმართება.

კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ მერიის კულტურის სამსახურმა ზუსტი განრიგი არ იცოდა, მერაბ ქიძინიძე ამბობს, რომ უშუალოდ მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის  ნებართვის გაცემა და მასთან მხოლოდ კონსულტაციებს გადის ნებართვის გამცემი სამსახური.

„მიმართვის შემთხვევაში დამთხვევა არ მოხდებოდა,“ – განმარტავს ქიძინიძე.

მისივე თქმით, როკკონცერტი 6 საათზე უნდა დაწყებულიყო და საათ-ნახევარში დამთავრებულიყო.

„გვიან დაიწყეს, მაგრამ ბიაფის კინოჩვენება არ ჩაშლილა“, – განმარტავს მერაბ ქიძინიძე.

BIAFF-ის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, 7 წლის მანძილზე, რაც ევროპის მოედანზე ღია კინოჩვენებები იმართება, მერიას არასდროს მოუთხოვია მენეჯმენტისთვის კინოჩვენების გასამართად ნებართვის მიღება.

 

როკკონცერტი ევროპის მოედანზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: