უამინდობის გამო ბათუმის მერიამ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაიტანა. როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომელიც ამ ღონისძიებების ორგანიზატორია, ყველა ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის: კონცერტები, სახის მოხატვის აქციები და ა.შ. დარიგდება უფასო ნაყინი და პოპკორნი ბავშვებისთვის.

  • ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში [12:00-დან – 20:00-საათამდე] იზრუნებენ ზღაპრის გმირები – კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, იქნება ჭადრაკის თემატიკა, ოჩოფეხები, მეკობრე; გაიმართება საბავშვო კონცერტები, ქალაქში არსებული საბავშვო სტუდიების მონაწილეობით [მინიმუმ 5 სტუდია, თითო სტუდია არანაკლებ 40-წუთიანი პროგრამით].
  • მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს უფასოდ  დაურიგდებათ ბამბის ნაყინი [2500 ცალი], პოპკორნი [2500 ცალი], ჩამოსასხმელი ნაყინი [3000 ცალი], ჰელიუმის ფერადლენტიანი ბუშტები [2000 ცალი]; 
  • საზაფხულო თეატრში განთავსდება მინიმუმ ორი მომენტალური ფოტო ბეჭდვის აპარატი [ე.წ. „PhotoBooth“], რომლებითაც ბავშვებს 2000 ფოტოს გადაუღებენ და ადგილზე უფასოდ მიაწოდებენ, ანიმატორითა და გადაღებისთვის სხვადასხვა სახალისო აქსესუარებით; მოეწყობა რეტრო კომპიუტერული თამაშები –  8 სხვადასხვა რეტრო კონსოლი, 8 ტელევიზორი, მინიმუმ 300 რეტრო თამაში.

ღონისძიებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 29 850 ლარი დაიხარჯება.

ასევე, დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მზრუნველობამოკლებული და სოციალური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება.

გამოფენაზე გამოტანილი იქნება ბათუმის საოჯახო ტიპის რამდენიმე სახლის ბავშვების ნახატები შექმნილი თემაზე –  მათი საოცნებო ან/და ახლანდელი გარემო.
გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version