Batumelebi | ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი – Batumelebi
RU | GE  

ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში „ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ელიან.

დილიდან ბეშუმის ცენტრში ხალხმრავლობაა. ბეშუმში იმყოფება „ბათუმელების” კორესპოდენტი ქეთი ლაბაძე, რომლის თქმით, ცენტრში განსაკუთრებით შეინიშნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლე.

„ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები ბეშუმში ჩამოდიან სამარშუტო ტაქსებით, მათი გამორჩევა ადვილია წითელი ფერის მაისურებით, რომელსაც მკლავზე ხუთიანი აწერია.

დღეს და ხვალ ბეშუმში სახალხო დღესასწაული, შუამთობა აღინიშნება. არსებობს ინფორმაცია, რომ შუამთობის პირველ დღეს ბეშუმს ბიძინა ივანიშვილი ეწვევა, ხვალ კი კურორტზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ბათუმში გაიმართება „ქართული ოცნების” აქცია.

12:20 საათი: ბეშუმში დღეს ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. როგორც ბეშუმში მყოფი „ქართული ოცნების” მომხრეები აცხადებენ, აქ ყოველ წუთს ელიან ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.

„ბათუმელების” კორესპოდენტის, ეკა ბარამიძის თქმით, ბეშუმში ჩამოდიან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან. ძირითადად ახალგაზრდები, წითელი ფერის მაისურებით. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრები და აჭარის განათლების მინისტრი, გია აბულაძეც, რომელსაც ასევე ნაციონალური მოძრაობის მაისური აცვია. მინისტრმა „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ არ იცის ვინ უწევს ორგანზიებას ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ჩამოყვანას ბეშუმში. „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები კომენტარზე უარს აცხადებენ, ასევე არ სურთ საკუთარი სახელისა და გვარის დასახელება.

12: 56 საათი: ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ჩავიდა. როგორც „ბათუმელებს” განუცხადეს, ბეშუმის შესასვლელთან გზა მანქანებით იყო ჩახერგილი და „ქართული ოცნების” ლიდერსა და მის მომხრეებს ცენტრამდე ფეხით მისვლა მოუხდათ.

ივანიშვილმა მოსახლეობას და თავის მხარდამჭრებს შუამთობა მიულოცა. მას თან ახლავს „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და „ქართული ოცნების” სხვა წევრები.

13: 10 საათი: „ქართული ოცნების” დაახლოებით 500-კაციანი კოლონა ბეშუმის ცენტრიდან დაიძრა. „ქართული ოცნების” მომხრეებს გზადაგზა მხარდამჭერები უერთდებიან, ზოგიერთი მათგანი „ქართული ოცნების” ლურჯ მაისურებს ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი კი სამარილოს სერიდან, საიდანაც პირდაპირი ჩართვა ხორციელდებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის სახლის სანახავად წავიდა. „ისევ ისეთი ქოხი აქვს და ვერც დაქორწინდება” – განაცხადა პრეზიდენტმა და ლევან ვარშალომიძეს მოუწოდა: „თვალი გაახილე, გახედე რამდენი ქალია”.

„ქართული ოცნების” ფეხით მიმავალმა მხარდამჭერებმა და პრეზიდენტის კორტეჟმა ეს წუთია ერთმანეთს გვერდი აუარეს.

13:20 საათი: ეს წუთია ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა „ქართული ოცნების” მომხრები ალყაში მოაქციეს და არ უშვებენ. როგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი, ქეთი ლაბაძე იტყობინება, შეხლა-შემოხლა დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს გზა გადაღობილი აქვთ და სხვა მომხრეებსაც ეძახიან, რომ შეურთდნენ. ისმის შეძახილები ბიძინა ივანიშვილის მისამართით: „წადი, წადი!” „მიშა, მიშა!”

„დღეს შუამთობის მოსალოცად ჩამოვედით. პრეზიდენტმა ეტყობა გაიგო, რომ აქ ვიქნებოდით და დაგვხვდა წითელი მაისურებით. დაინახეს, რომ გაამართლა მაისურებმა და მათაც მოგვბაძეს”, – აღნიშნა „ბათუმელებთან” კოალიცია „ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა.

13:35 საათი: ბიძინა ივანიშვილს სცენასთან არ უშვებენ. მხარდამჭერები ცდილობენ ივანიშვილთან მიახლოებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისიტები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე დაიწყო პოლიციის მობილიზება.

13: 41 საათიროგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი ქეთი ლაბაძე გვატყობინებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები იწევენ ჟურნალისტებისკენ. მისი თქმით, აქტივისტებმა ხელი მოუქნიეს ტელეკომპანია „მაესტროს” კორესპოდენტს აჭარაში სოფო ჟღენტს და შეეცადნენ კამერის წართმევას ოპერატორისთვის.

13: 50 საათი: „ბათუმელების” კორესპოდენტი, ეკა ბარამიძე გვატყობინებს, რომ „ქართული ოცნების” ხულოს შტაბის წევრი, თამაზ აბაშიძე სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პირებმა წაიყვანეს.

ჟურნალისტებისთვის  საქმიანობაში ხელშეშლა გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ცდილობენ ადგილზე მყოფ ჟურნალისიტებს კამერები წაართვან.

14:00 საათი: ბეშუმში „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის მდგომარეობა განიმუხტა. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის ინტერესებში არ შედის სიტუაციის დაძაბვა. ამ წუთებში ბეშუმს ტოვებს ბიძინა ივანიშვილი. მას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებმა არ მისცეს. ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მათი მანქანების კოლონაა შეჩერებული. მათ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მიაცილებენ.

ბეშუმიდან ასევე გვატყობინებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ორმა მხარდამჭერმა წითელი მაისური გაიხადა და „ქართული ოცნების“ ლურჯი მაისური ჩაიცვეს. ერთ-ერთი მათგანი ალეკო მიქელაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურის ჩაცმა დაავალეს, მაგრამ არსებული სიტუაცია არ მოეწონა და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შეერთებოდა.

19:10 საათი: “ბათუმელების” კორესპოდენტმა,  ქეთი ლაბაძემ გვაცნობა, რომ შქერნალში, სადაც ბეშუმის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანია, დამსვენებლებს არ უშვებენ. მათ ეუბნებიან, რომ აქ მთავრობის წევრები არიან და დალოდებას სთხოვენ. იმყოფება თუ არა შქერნალში საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ რესტორანში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ბეშუმში ამჟამად სიმშვიდეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"