აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, აჭარაში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტია. აქედან 67 ახალი ობიექტი გასულ წელს გაიხსნა.

გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების უმრავლესობა – 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობს, დანარჩენი 180 კი – აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი აჭარაში გასულ წელს გაიხსნა.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან 277  ბათუმშია განთავსებული, 92 – ქობულეთში, 60 კი – აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში, 21 602 საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს.

23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები: Metro Sky Tower-ი, Wyndham-ი, „ირე პალასი“ და „ბლექ სიი ჰოსტელი“.

დეპარტამენტის ცნობით, წელს აჭარაში ყველაზე მსხვილი სასტუმრო 159-ნომრიანი იქნება, რომლის გახსნაც ზაფხულში იგეგმება. საუბარია ე.წ. „სემირამიდას ბაღებზე“ ახალ ბულვარში, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციაა. სასტუმრო 2013 წელს უნდა გახსნილიყო.

_______________

მთავარ ფოტოზე: სასტუმროს ინტერიერი. ფოტო: burst.shopify.com

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version