სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” ბათუმელ სტუდენტებსაც გააცნო

09.10.2015
იუსტიციის მინისტრმა ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” ბათუმელ სტუდენტებსაც გააცნო

 

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს უნივერსიტეტებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარდგენა. ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. ეს კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული და გამორიცხავს ჩვენს ქვეყანაში წარსულის იმ კულტურას, რაც შეეხებოდა 14-15-16 წლის ბავშვების ბევრი წლით ციხეში ჩასმას, როგორც კი მათ ერთხელ რამე შეეშლებოდათ.  ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაერო-ს ბავშვთა კონვენციის შესაბამის  ქვეყნად და სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის  პროცესში იქნება დაცული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მისი ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი. იმ მუხლების ამოქმედება კი, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

 

 

თეა წულუკიანმა სტუდენტებისთვის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გაცნობა 2 ოქტომბერს დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.  

 

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მთავარი მიზანი არასრულწლოვნისთვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. 

კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.

გარდა ამისა, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა.

 

ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.

 

კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას  გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. 

კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.