სიახლეები

ტურისტული სეზონის შედეგები ბათუმში

20.09.2015 • 2552
ტურისტული სეზონის შედეგები ბათუმში

 

2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები განთავსების ობიექტებში
2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები განთავსების ობიექტებში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა სწორად გათვლილმა სარეკლამო მარკეტინგმა განაპირობა.

 

„ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც სარეკლამო მარკეტინგი კარგად განხორციელდა, ტურისტების რაოდენობის ზრდა გვქონდა. მაგალითად, ყაზახეთზე ბოლო ორი წელია ვმუშაობთ და ივლისში ამ ქვეყნიდან ტურისტების რიცხვი 11 პროცენტით გაიზარდა, ლიტვადან კი – შვიდი პროცენტით. ასევე გაზრდილია ტურისტების შემოსვლა ბელორუსიიდან“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოფო გუჯაბიძე.

 

 

დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ტურისტების რაოდენობის მეტ-ნაკლები შემცირება დოლარის კურსის ზრდამაც გამოიწვია.

 

„თუ ადამიანი გეგმავდა, ვთქვათ, ერთი კვირის გატარებას ბათუმში, კურსის ცვლილების შემდეგ, დასვენების დღეები შეამცირა. თუმცა, სარეკლამო კამპანიით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ტურისტთა რაოდენობა შევინარჩუნეთ“.

 

 

2014 წელს ბათუმში პორტში საკრუიზო გემების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 16 საკრუიზო გემი შემოვიდა, წელს კი მხოლოდ ორი. დეპარტამენტი ამ ფაქტს ყირიმში პოლიტიკური პროცესების გართულებას უკავშირებს.

„საკრუიზო გემების შემოსვლა, როგორ წესი, ადრე იგეგმება. როცა ყირიმში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, გემების დიდ ნაწილს, რომლებსაც ყირიმის პორტში შესვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ბათუმზე გადმოეწყვნენ,“  – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, დეპარტამენტი საკრუიზო ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა შავი ზღვის აუზში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების გარეშე, საკრუიზო გემების რიცხვი ბათუმში არ გაიზრდება:

 

„მახოლოდ ბათუმის პორტში საკრუიზო გემი არ შემოვა. თუ არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა ყირიმში, მარტო რეკლამა არ გაჭრის. თუმცა, ჩვენ მაინც ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას ამერიკულ ჟურნალებში და ამერიკული საკრუიზო გემების შემოსვლაზეც ვმუშაობთ“.

 

ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების სტატისტიკას განთავსების ადგილების მიხედვით ადგენს. აჭარაში რეგისტრირებული 290 სასტუმროს (ამაში შედის როგორც დიდი სასტუმროები, ასევე გეტსჰაუსები და კოტეჯებიც) მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აჭარაში რეგისტრირებულ სექტორში 300 ათასამდე ტურისტი შემოვიდა. 

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, შარშან ამ დროს 252 ათასზე მეტი ტურისტი იყო დაფიქსირებული.    

 

„ჩვენი მონაცემებით, წელს, 16 ახალი სასტუმროა გაიხსნა. ნომრების რაოდენობაც 685-ით არის გაზრდილი, რაც წინა წელთან შედარებით 1200-მდე ახალ ადგილს ნიშნავს“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.   

 

დეპარტამენტში ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა მაინც არ ასახავს რეალურს, რადგან დეპარტამენტი ვერ ახერხებს იმ ტურისტების მონაცემების აღწერას, რომლებიც კერძო ბინებში თავსდებიან:

 

„ბევრი კეთილმოწყობილი ბინა ქირავდება ახალაშენებულ სახლებში, სადაც სასტუმროებთან შედარებით დაბალი ფასებია და, ბუნებრივია, მათი მონაცემები დეპარტამენტს არ აქვს“.

 

სოფო გუჯაბიძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტში შემუშავებულია სტატისტიკის წარმოების ახალი მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს რეგისტრირებულ სექტორში სრული აღწერის ჩატარებას. „ამის შემდეგ ტურისტების რაოდენობის განახლებული მაჩვენებელი დაიდება“. 

 

2012-2013 წლებიდან გაზრდილია უცხო ქვეყნებში წარმოებული სარეკლამო ბიუჯეტიც. „თუკი ამ წლებში 4-5 ქვეყანაზე ვმუშაობდით, წელს უკვე ათ ქვეყანაში ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას. ვმუშაობთ შიდა ტურიზმზეც“. 

 

სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის სარეკლამო პრუდუქტი მთლიანობაში 43 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. 

 

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე სარეკლამო ვებგევრდი და სწორედ ამ გვერდების ვიზიტორთა რაოდენობაა გაზრდილი. შვიდი თვის მონაცემებით, მარტო სოციალურ ქსელში 102 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა რეკლამა. მთლიანობაში, ყველა სარეკლამო ვებგვერდის მონაცემით 410 ათასამდე ადამიანს ჰქონდა ჩვენს სარეკლმაო პროდუქტზე წვდომა“.  

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ 25-მდე გაზარდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მაჩვენებელიც. 

 

ქვეყანაში შემომსვლელთა სტატისტიკას შს სამინისტროც ადგენს. ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტურისტების სტატისტიკის დათვლის დროს ისინი არ სარგებლობენ შს სამინისტროს მონაცემებით, „თუმცა, აგვისტოში დაემთხვა ჩვენი მონაცემები, მათაც ტურისტების ორპროცენტიანი მატება ჰქონდათ დაფიქსირებული“.

 

ტურიზმის დეპარტამენტი არც ადრე და არც მიმდინარე წელს არ აკეთებს ანალიზს იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო რეგიონმა ტურისტების მატებით. „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. თუმცა ინვესტიციების მიმართულებით რასაც მთავრობა აქვეყნებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 პროცენტი სწორედ ტურიზმის სფეროში მოდის“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

ტურისტული სეზონის საბოლოო შედეგების ანალიზს დეპარტამენტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი