სიახლეები

პროკურორი: ბრალდებულმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის მინა და ფული მოიპარა

20.09.2015
პროკურორი: ბრალდებულმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის მინა და ფული მოიპარა

 

ბრალდებული ადრე ნასამართლევია ასევე ქურდობისთვის, ის თავისუფლებაში პირობითი მსჯავრით იმყოფებოდა. პროკურორის ინფორმაციით, მან სწორედ პირობითი სასჯელის დროს ჩაიდინა ახალი დანაშაული –  ისევ მოიპარა.

 

როგორც მოსამართლეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ უთხრა, ბრალდებულმა 10 აგვისტოს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის საცავში შეაღწია და მოიპარა 128 ლარი. ეს ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაკავებულს ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანებაში. ბრალდების მტკიცებით, მან ქვით ჩაამტვრია მაღაზიის მინა და ამ გზით შეაღწია მაღაზიაში. მინის ჩამტვრევით გამოწვეული ზარალი 260 ლარია. ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს ზარალი უკვე აუნაზღაურეს.

 

სხვისი ქონების დაზიანება ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმ არგუმენტით, რომ ბრალდებული არ მიიმალოს, კიდევ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს და ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას, პროკურორმა მისი პატიმრობა მოითხოვა.

 

ადვოკატმა თენგიზ კახიძემ თქვა, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ადვოკატის თქმით, არსებული მტკიცებულების (საქმეში დევს სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერი) განადგურება რომც მოინდომოს ბრალდებულმა, ამას ვერ შეძლებს, რადგან ეს მასალა უკვე საცავშია ჩაკეტილი. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს მოწმე, თვითმხილველი, რომელზეც შესაძლოა ბრალდებულმა ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომაც ის აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს _ 4 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.