სიახლეები

დის ქმრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

19.09.2015 • 1582
დის ქმრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

 

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ინციდენტი 2013 წელს, ქობულეთის მუნიციპალეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულმა დანით მუცლის არეში დის ქმარი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველო დატოვა. დაზარალებული გადარჩა.

 

საქმეს სასამართლო ბრალდებულის გარეშე განიხილავდა, თუმცა ბრალდებულმა თქვა, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და პოლიციელებმა საზღვარზე სწორედ დაბრუნების დროს, 2015 წლის ივლისში დააკავეს.

 

სასამართლო პროცესის დაწყების დროს პროცესზე არ იმყოფებოდა ბრალდებულის ადვოკატი. ამიტომ დავით მამისეიშვილმა საქმის გადადება დააპირა, თუმცა პროცესზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით ადვოკატი გამოცხადდა და სასამართლოს ბოდიში მოუხადა: „შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება, საცობში ვიყავი“.

 

მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ არ ბრაზობს დაგვიანების გამო და სხდომა გააგრძელა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების ფორმის შეცვლის განხილვით. ბრალდებულმა თქვა, რომ მას დაზარალებულის მოკვლა არ უცდია და რომ მან თავი დაიცვა. „მთელი ცხოვრება ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ჩემი და“,  – თქვა ბრალდებულმა.

 

პროკურორმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა, ამიტომაც თუ მას სასამართლო გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდა, „შესაძლოა, ისევ მიმალულიყო“  და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

 

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ბრალდებულს თავი არ აურიდებია გამოძიებისთვის, „მას შეეშინდა დაზარალებულის და ამიტომაც გადავიდა თურქეთში“. ასევე, ადვოკატის ცნობით, ბრალდებული საქართველოში შემოსვლას უფრო ადრეც ცდილობდა, თუმცა მას საზღვარზე არ უშვებდნენ. „ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ სასამართლოს, პოლიციას, პროკურატურას – ის თავისი ნებით შემოვიდა საქართველოში“, _ თქვა ადვოკატმა.

 

მოსამართლემ არ დააკაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, ბრალდებულის გირაოს – 30 ათასი ლარის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. „მე თქვენ ადგილზე უკმაყოფილო ვიქნებოდი მოსამართლის გადაწყვეტილებით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ რახან ახლა პატიმრობაში დაგტოვეთ, თქვენ მიმართ გამოვიტან გამამატყუნებელ განაჩენს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის. 50/50-ზე არის თქვენი შანსი გამამართლებელი ან გამამატყუნებელი განაჩენის„, _ აღნიშნა მოსამართლემ.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ ოქტომბერს გაიმართება. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. ის თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

გადაბეჭდვის წესი