სიახლეები

26 წლის პატიმრის დედა სახელმწიფოს შვილის იძულებით მკურნალობას სთხოვს

15.09.2015 • 1350
26 წლის პატიმრის დედა სახელმწიფოს შვილის იძულებით მკურნალობას სთხოვს

ფოტო გადაღებულია მესამე დაწესებულებაში/ბათუმელების არქივიდან

ბექას დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბექა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საერთო ჯამში, სხვადასხვა დროს, 9-ჯერ, მიიყენა თვითდაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. მათ შორის, ერთ-ერთი თვითდაზიანების დროს, როცა ის სასჯელს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდიდა, თვითდაზიანების შედეგად სხეულზე 80 ნაკერი დაადეს.

 

დედის თქმით, ასევე ერთ-ერთი თვითდაზიანების გამო, მის წინააღმდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დევნა დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბექას დედა ირწმუნება, რომ მისი შვილს აქვს ნერვიული აშლილობა დეპრესიის გამო და სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას საჭიროებს: “მას ერთხელ ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ აქვს ნერვიული აშლილობა, სამედიცინო დეპარტამენტმა მითხრა, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მე შევთავაზე ჩემი ხარჯებით სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში მისი შემოწმება. ჩემმა ადვოკატმა სამხარაულის ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბექასთვის ექსპერტიზის ჩატარება. მე მივმართე გენისპექციასაც, ტელეფონზე დავრეკე, მითხრეს წერილობით მოგვმართეო, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ბექა კი ამბობს უარს მკურნალობაზე, მაგრამ ახლა უნდა ვუყურო ჩემი შვილი როგორ იკლავს თავს, მის სიცოცხლეზე ვინმემ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოანია დადგინდეს ექსპერტიზის საფუძველზე, რომ ბექას სჭირდება სპეციალისტების დახმარება“.

ამ საკითხზე სასჯელაღარსულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით კომენტარს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: “მსჯავრდებული ბ.ო. სასჯელის მოხდის პერიოდში არა ერთხელ იქნა კონსულტირებული სხვადსხვა პროფილის ექიმის მიერ. საჭიროებისამებრ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში, სამოქალაქო სექტორის კლინიკებსა და N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

 

ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მედპერსონალის დინამიური დაკვირვების ქვეშ.

 

მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებების შესახებ.“

26 წლის ბექა მკლველობის ბრალდებით გაასამართლეს და მას 19 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

  

გადაბეჭდვის წესი