სიახლეები

ხულოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე: ”რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციასთან”

04.09.2015 • 1405
ხულოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე: ”რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციასთან”

 

ოთარ გელაძე
ოთარ გელაძე

ფრაქციის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში მედიას ასე აკრიტიკებს:  

„ …აქვე არ შემიძლია, პარალელურად სამდურავი არ გამოვთქვა ოპოზიციური მედია საშუალებების (განსაკუთრებით ტელევიზიების) მისამართით.

უმეტეს შემთხვევაში საკრებულოს სხდომების მიმდინარეობისას თუ დასრულების შემდეგ, რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. ამას წინათ ტელესივრცეში 25-ე არხზე, კომენტარები გააკეთა ხუთიოდე კაცმა და აქედან ყველა ოპოზიციონერი იყო. თუ რომელი ოპოზიციური პარტიიდან თავადვე დაინტერესდნენ და საკუთარი თვალით ნახავენ, რაზედაც შევნიშნავ.

 გულწრფელად მაინტერესებს ტელევიზიას რომელსაც რაღაცგვარი შეხება მაინც გააჩნია ,,ობიექტივთან” მისი ეთერიდან გაჟღერებულ სიტყვებს  ხომ უნდა გაუწიოს ერთგვარი ანგარიში?

მედია საშუალებებს მავანთა სიმპათიები კი არ უნდა ამოძრავდეს, შერიგებისა და სიკეთის ქმნის პოზიციაზე უნდა იდგნენ…


ვიმეორებ, თუ ოპოზიციურ მედიას მიაჩნია კეთილ საქმეს აკეთებს და სამართლიანობას ემსახურება, მაშინ პარალელურად, მე ვასწავლი რომ  სამართლიანობის აღდგენა ჟვანიას მკვლელობის გახსნით უნდა დაიწყონ და გააგრძელონ ყველა იმ მკვლელობის გახსნით, რაზედაც მე ეს-ესაა შევნიშნე.

 

აქვე მინდა შევეკითხო ჩვენი კრიტიკის ავტორებს, საერთოდ რაზეა გათვლილი თქვენი არსებობა? მიდით, აგვიხსენით, გინდაც თქვენი ეთერით, რა შედეგი მოჰყვა თქვენს ამდენ კითხვა-გადაცემებს? შედეგი, შედეგი რა გაქვთ?“  – ვკითხულობთ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიშში. 


„როგორც ტელეარხ 25-ზე ბატონი ოთარ  გელაძე ლაპარაკობს, ეს ნამდვილად არ შეეფერება საკრებულოს წევრს. ის არის თანამდებობის პირი, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს არის მმართველი კოალიცია პარტია “ქართული ოცნების” ფრაქცია ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

შეიძლება მას ძალიანაც არ მოსწონდეს, როგორც ამზადებენ სიუჟეტებს ჟურნალისტები, ან წერენ სტატიებს, მაგრამ მას აქვს თმენის ვალდებულება. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ დროულად გაიცეს საჯარო ინფორმაცია,  ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, ხოლო თავად ჟურნალისტური პროდუქტის შეფასება, არ არის მისი საქმე.  მისი საქმეა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის, ამ შემთხვევაში გამგეობის მუშაობის შეფასება, კონტროლი, კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან და იმ დანაპირების შერულება, რაც მან გასცა წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია ის ფორმა, რა ფორმითაც „ტელარხ 25“-ს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს.

 

ამავდროულად, ეს არის ფრაქცია, რომლის წევრიც არის საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ფრაქციაში რომელიმე წევრს აქვს ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ, მაშინ სხვა წევრმა უნდა მიუთითოს მას ამის შესახებ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ გამოსვლის ტექსტმა არ გაირა მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში, ალბათ ფრაქციაში შეთანხმდებოდნენ მის შინაარსზე. 

 

მსგავსი დამოკიდებულება მედიის მიმართ ალბათ ნაკარნახევია და ცოტათი წაქეზებული იმ საერთო დამოკიდებულებით, რაც არის ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ პრესკონფერენციებს, როგორც პრემიერ-მინისტრის ისე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სადაც ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მედიას. როცა მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი, უმაღლესი თანამდებობის პირები მედიას ამგვარად მიმართავენ და აფასებენ, ალბათ ადგილობრივ დონეზეც მეტ-ნაკლებად თავისუფლად გრძნობენ თავს თანამდებობის პირები, რომ მედიას ასეთი  ტონით ესაუბრონ, რაც ზოგადად ძალიან ცუდია ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად და ამავდროულად, თავად ადმინისტრაციული ორგანოსთვის არის ცუდი“  – ამბობს მალხაზ ჭკადუა „ბათუმელებთან“. 


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ექსპრეზიდენტს „სააკას“ და „ორმაგ აგენტს“ უწოდებს. 


„…ამ შემთხვევაში ჩვენს თავზე პირწმინდად გაცხადდა, ერთი ბრძნული გამოთქმა: „თუ გამცილებლად ღორს აიყვან, გაჩერება წუმპესთან იქნება.” თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით.

იშვიათია პიროვნება ისტორიაში ასე ტექნიკურად, რომ თამაშობდეს ორმაგი აგენტის, როლს. დღეს საკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს.

ქართული მიწების წაგვრაზე უკვე ვთქვი, ახლა ნახე რა დღე დააყენა უკრაინას? ისეთი სიმშვიდით წაიღო რუსეთმა ყირიმი თავადაც კი გაუკვირდათ… ხლა ვნახეთ რა ხდება უკრაინის თავს!

დღეს რუსები და ქართველები ერთად იპყრობენ უკრაინას: რუსები-მიწებს, ქართველები-კაბინეტებს. ვინ მეტყვის ახლა, რომ არ ჩანდეს აქ სააკას ორმაგი აგენტობა?“ [ნაწყვეტი ანგარიშიდან] 


„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის შეფასებით, ოთარ გელაძე, გარდა ქსენოფობიური და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებისა,  პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას: “როცა ფრაქციის ხელმძღვანელი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა ესმოდეს, რომ მას მეტი მოეთხოვება, აკისრია უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. იგი საკრებულოს წევრია, ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტიკური ფიგურა. ასეთი განცხადებები მიუღებელია. თან იგი ანგარიშს აბარებდა ხულოში საკრებულოს ფრაქციის მუშაობის შესახებ და გაუგებარია, საერთოდ რა კავშირში იყო ერთმანეთთან ამ მოხსენების პირველი და მეორე ნაწილი.”

 

 „ბათუმელები“ ოთარ გელაძესაც დაუკავშირდა, მან დაადასტურა, რომ ტექსტის ავტორი თავადაა, თუმცა ამ თემაზე საუბარზე უარი განაცხადა.   

გადაბეჭდვის წესი