სიახლეები

მოგზაურობა რაჭაში

31.08.2015 • 9099
მოგზაურობა რაჭაში

არსებობს ლეგენდა, თუ რატომ დაერქვა რაჭას რაჭა. ერთხელ თურმე ერთი მონადირე ნაქერალას ქედზე ნადირობდა, მთიდან ხევში ჩაკარგული რიონი დაუნახავს და წამოუძახნია, ეს რა ჭა ყოფილაო. მდინარე რიონი საუკეთესო ადგილია ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის. აქ ჯომარდობის ტურების გამართვაა შესაძლებელი. ღრმა ხეობებით და სწრაფი მდინარეებით რაჭა ჯომარდობისთვის საუკეთესო ადგილია საქართველოში.

რაჭა-იმერეთის საზღვარზე მდებარეობს სალოცავი ცხრა ჯვარი. ამ მიდამოებშივეა ახალაღმოჩენილი მურადის მღვიმე. მღვიმეში მნახველებს ჰაეროვანი, ბურთის ფორმის ულამაზესი სტალაქტიდები დახვდებათ. მღვიმე 2014 წლის ნოემბერში აღმოაჩინა მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა”.
„კლუბის ჩვეულებრივი გასვლითი ტური იყო სხვა უფრო დიდ და უკვე შესწავლილ მღვიმეში, მაგრამ შემთხვევით “პატარა გამოქვაბულში”, როგორც ამას გამყოლი უწოდებდა, მოგვიწია შეყოვნება, სადაც ასევე შემთხვევით ფოტოების გადაღების დროს ვნახეთ გასასვლელი და ჩვენი კლუბის ერთ-ერთი წევრი გადავიდა. ცოტა ხანში გაოცებული დაბრუნდა და ჩვენც წაგვიყვანა. დაგვხვდა მღვიმე, ჩემ მიერ გადაღებული პირველი ფოტოებით გაიგო მსოფლიომ ამ მღვიმის შესახებ,” – ამბობს ფოტოგრაფი და ტურისტული კომპანია „კოლხა ტურის“ წარმომადგენელი არჩილი გეგენავა.


კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება  მოხვდნენ ტურისტები მღვიმეში, არჩილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კერძო ტურებს აწყობენ. 
„სად მდებარეობს მღვიმე და როგორ უნდა მოხვდეთ იქ, ამაზე კონკრეტულად არაფერს ვამბობთ, რადგან მღვიმე დაუცველია. თუმცა სპალეოლოგებისა და დაინტერესებულ პირთათვის კერძო ტურების მოწყობაა შესაძლებელი, „კოლხატურის” მეშვეობით და კლუბ „თეთნულდის” ინსტრუქტაჟით”.

რაჭა ორ ნაწილად იყოფა. ქვემო და ზემო რაჭად. ზემო რაჭაში ონის, ხოლო ქვემო რაჭაში – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი შედის.

სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ულამაზესი ჭელიშის უდაბნო, რომელიც მდინარე შარეულას ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას ვაკე ადგილასაა გაშლილი. ჭელიშის უდაბნომდე 3-კილომეტრიანი საფეხმავლო გზა მიდის. აქვეა ბუნებრივი საყინულე, სადაც ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურაა.

თუ რელიგიური ტურიზმი გაინტერესებთ, რაჭა მრავალფეროვან კულტურულ გარემოს გთავაზობთ. ერთ-ერთი პირველი, რაც შეგიძლიათ რაჭაში ნახოთ, არის ნიკორწმინდა. ბაგრატ მესამის დროს აგებული ნიკორწმინდის ტაძარი, შეიძლება ითქვას, რაჭის სიამაყეა. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუში დღეს სრული სახითაა წარმოდგენილი.
ონისკენ გზად მიმავალი, მდინარეების – ლუხუნისა და რიონის შესართავთან შეგიძლიათ ნახოთ 1753 წელს აგებული ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია. ბარაკონი როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით ააგეს და ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.

გზა ბარაკონიდან ონისკენ მიდის. ონში შეგიძლიათ საუკუნის წინ აგებული ონის სინაგოგა დაათვალიეროთ. 1895 წელს თეთრი კირქვით ნაგები სინაგოგა თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა საქართველოში.
გზა ონიდან შეგიძლიათ კურორტ უწერასკენ განაგრძოთ. მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. უწერაშივეა რაჭის ცნობილი მჟავე წყლები. ნაპერწკალა _ უწერას ერთ-ერთი ცნობილი მჟავე წყალი დღეისათვის დაკარგულია. თუმცა შეგიძლია ე.წ. „28 ნომერი” მჟავე წყალი დააგემოვნო. ქვით ნაშენ ოთხკუთხედი ფორმის აუზში ხის კიბით ჩადიხარ, მიწიდან კი მჟავე წყალი ამოჩქეფს.

უწერიდან გზას თუ განაგრძობ, კურორტ შოვს მიადგები. შოვიც, უწერას მსგავსად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ცხელი ზაფხულისგან გაქცევა თუ გსურს, შოვი ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში – აგვისტოში აქ ტემპერატურა 16 გრადუსზე მეტი არ არის. კურორტი მდიდარია მინერალური წყლებით.
რაჭაში, ზღვის დონიდან 3 129 მეტრზე მდებარეობს ულამაზესი მწვერვალი კატიწვერა და უძირო ტბა. კატიწვერაზე ასვლა სოფელ ზემო გლოლიდან არის შესაძლებელი. ნინო ნადიბაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უძირო ტბა მოინახულა.
„ონის რაიონში, შოვამდე არის ერთი სოფელი, გლოლა. იმ სოფელში ვისვენებდი, როდესაც გავიგე ამ ტბაზე. რა თქმა უნდა, მაშინვე მომინდა წასვლა, თუმცა ყველა მაფრთხილებდა, რომ საკმაოდ რთული იყო და თუ საკუთარი თავის იმედი არ მქონდა, სჯობდა არ წავსულიყავი. მაინც გავრისკე.

იმის გამო, რომ მხოლოდ 1 დღით ვაპირებდით ასვლას, გვიან ღამით გავედით, დაახლოებით 2 საათზე. გამიმართლა, რომ ადგილობრივები მოგვყვებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა დაიკარგო იქ. გაუვალი ტყე და სულ აღმართებია სასიარულო, მით უფრო ღამით, როდესაც არაფერი ჩანს. იმის გამო, რომ ღამით დარჩენას არ ვაპირებდით, ყველანი საკმაოდ მსუბუქი ბარგით ვიყავით, მხოლოდ მცირეოდენი საჭმელი და ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი გვქონდა. დაახლოებით 4-5 საათში დასრულდა ეს გაუვალი ტყე და პატარა მდელოზე გავედით, რომელიც სოფლიდანაც ჩანს და საკმაოდ მაღლაა. ამ მდელოზე მთიბავების ქოხია, რომელშიც დაახლოებით 1 საათი გვეძინა. ახლოსაა პატარა წყაროც, მთის ცივი და კამკამა წყლით. მთიბავების ქოხიდან უძირო ტბამდე დაახლოებით 4-5 საათის სასიარულოა, დაუსრულებელი აღმართები და დაღმართები, თუმცა გზად ბუნება და ხედები მოწყენის საშუალებას არ იძლევა,”-  ამბობს ნინო.
მისივე თქმით, გზა სასიარულოდ საკმაოდ მარტივია, თუმცა მანძილის სიშორის გამო სასურველია თუ კარვებით წახვალ. ტბასთან დასაბანაკებლად შესანიშნავი ადგილებია.

გადაბეჭდვის წესი