Batumelebi | ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები – გამოფენა ნობელების მუზეუმში ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები – გამოფენა ნობელების მუზეუმში – Batumelebi
RU | GE  

ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები – გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

ხვალ, 25 აგვისტოს, 17 საათზე, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი გამოფენა გაიხსნება. „ნიკო ნოკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ორი მუზეუმის, ნობელებისა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. ექსპონატები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან 5 დღის მანძილზე დარჩება ნობელების მუზეუმში. 

 

ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ გამოფენა თემატურად ეხმაურება ძმები ნობელების მუზეუმის კონცეფციას და ამ გამოფენის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ნიკო ნიკოლაძის, ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურებისა და მნიშვნელობის შესახებ.

 

ნობელების მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის ის ნივთები გამოიფინება, რომელიც ახლა მის სახლ-მუზუემშია დაცული. მათ შორის: ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა; შვეიცარიული საანგარიშო ჩოთქი, დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ალბომი, მზის საათი და სხვა ნივთები. 

 

„ამ გამოფენის გაკეთების იდეა გაჩნდა ორი წლის წინ, როცა ვნახეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. შემდეგ ისევ ჩავედით მოსალაპარაკებლად, დავითანხმეთ დირექტორი, ქალბატონი ლია ბიბილეიშვილი, თანხმობა მოგვცა კულტურის სამინსიტრომაც და აგვისტოს ბოლოს ბათუმში ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. ამ გამოფენით გადავწყვიტეთ საზოგადოებისათვის კიდიევ ერთხელ შეგვეხსენებინა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი და მნიშვნელობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის ვინ იყო, მაინც ჩრდილშია დღეს. გამოფენაზე უნდა მოვიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს კიდევ უფრო მეტი რამ გაიგოს ნიკო ნიკოლაძის შესახებ და ბევრი რამ მისთვის სიურპრიზი იქნება, სულ მცირე, ეიფელის კოშკის განთებაში რომ აქვს შეტანილი წვლილი ნიკოლაძეს, ამას მაინც გაიგებს“ ამბობს თამარ ორაგველიძე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე