სიახლეები

ბიუჯეტი ისევ ვერ შესრულდა – ბათუმის მერიის გასაჭირი

22.08.2015 • 2372
ბიუჯეტი ისევ ვერ შესრულდა – ბათუმის მერიის გასაჭირი

 

გასული წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ბათუმის მერიას შემოსულობების ამოღების ნაწილში სამუშაოს შესრულება არ უჭირს, რასაც ხარჯვით ნაწილზე ვერ ვიტყვით. გასულ წელს ახალარჩეული მერი და მის მიერ დანიშნული მოადგილეები ბიუჯეტის ვერშესრულებას მისი “სხვის მიერ დაგეგმვით” ხსნიდნენ: “ჩვენ დაგვხვდა უკვე დაგეგმილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შევიტანდით.” 2015 წლის ბიუჯეტი ბათუმის ახალმა მერმა დაგეგმა, საკრებულომ კი განიხილა და დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა იმასაც, რომ საკრებულოს მიერ უკან დაბრუნებული ბიუჯეტი მერიამ შესწორებასთან ერთად, რაც საკრებულოს შენიშვნებს ითვალისწინებდა, რამდენიმე მილიონით გაზარდა, ანუ ახალი ბიუჯეტი წარადგინა.

 

2015 წლის ბიუჯეტი წლის პირველივე კვარტალში გარღვევის საფრთხის წინაშე დადგა, როცა ჟილინის არხის 5-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა და მერია იძულებული გახდა ახალი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ისევ გამოეცხადებინა.

 

საკრებულოსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობები 57 842 000 ლარია, რაც შემოსულობების წლის გეგმის 55.2%-ია. გადასახადების სახით მიღებულ 14 745 600 ლარი, ანუ შემოსულობების 25.5% გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალია. 29,306.8 ათასი ლარი, ანუ შემოსულობების 50.7% – კი სხვა, არასაგადასახადო შემოსავალი. დარჩენილი 13 761 100 ლარი, ანუ 23.8% არაფინანსური აქტივების კლებაზე, ანუ ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე მოდის.

 

ცალკეული კატეგორიების მიხედვით შემოსულობების შესრულების მდგომარეობა ასეთია: იხილეთ ინფოგრაფიკა #1.

 

1
1

 

2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ძირითადად, ქონების გადასახადის სახით იყო წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადი საწარმოთა ქონების გადასახადს, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) და მიწაზე ქონების გადასახადს აერთიანებს. ქონების გადასახადის 2015 წლის 6 თვის გეგმიური მაჩვენებელი 14 555 000 ლარით განისაზღვრა, ანუ შესრულება 14 746 100 ლარია. ანგარიშის მიხედვით ქონების გადასახადის ცალკეული სახეობის მიხედვით შესრულება ასე გამოიყურება: იხილეთ ინფოგრაფიკა #2.

 

2
2

 

საწარმოთა ქონების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 14 330 000 ლარით იყო განსაზღვრული. შემოსულობებში 14 468 500 ლარი აისახა. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან მიღებულია 87 000 ლარი, მიწაზე ქონების გადასახადმა 150 000 ლარი შეადგინა.

 

ფინანსური დახმარება და გრანტები

 

2015 წელს, 6 თვის განმავლობაში, ფინანსური დახმარების სახით ბათუმმა 29 306 800 ლარი მიიღო, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 26 633 500 ლარი იყო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსური სახსრები 362 500 ლარს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიღებული დახმარება 2 673 300 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში ფინანსური დახმარების წილი 50.7%-ია.

 

სხვა შემოსავლები

 

2015 წლის 6 თვის სხვა შემოსავლების შესრულება 13 761 100 ლარი, ანუ გეგმის 115.4%-ია. სხვა შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 23.8%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მერიამ 1 532 500 ლარის მობილიზება მოახერხა, პროცენტებიდან მობილიზებულია 1 239 000 ლარი; რენტის სახით მიღებულია 293 500 ლარი. აქედან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელზე მოდის 84.6 ათასი ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან შემოსავალზე – 208.9 ათასი ლარი. საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 8 833 800 ლარი, აქედან, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 8,830.6 ლარი. მათ შორის: მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვაზე – 243 700 ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 7 2983 ლარი; სამორინეს მაგიდიდან – 2 850 000 ლარი; სათამაშო აპარატებიდან – 4 025 600 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან – 360 000 ლარი; წამახალისებელი გათამაშებიდან – 62 700 ლარი; ზონალური შეთანხმების გაცემისათვის – 412 0 00 ლარი; მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის – 862 200 ლარი; სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 2 498 800 ლარი.

 

ხარჯები – ანუ ბიუჯეტის გარღვეული ნაწილი

 

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე 6 114 100 ლარი იყო დაგეგმილი, ხარჯმა მილიონით ნაკლები – 5 010 200 ლარი, ანუ გეგმის 81.9% შეადგინა. ამ დარგში გაერთიანებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები, ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო ხარჯები და წინა პერიოდის დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯები.

 

ეკონომიკური საქმიანობისთვის დაგეგმილი იყო 8 751 000 ლარი, გაწეული ხარჯი კი 6 921 100 ლარი, ანუ გეგმის 79.1%-ია. ეს სფერო მოიცავს გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის ხარჯებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარების, ტურისტული ობიექტების მართვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. გარემოს დაცვაზე გათვალისწინებული იყო 6 557 500 ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა კი 5 387 900 ლარი შეადგინა. ამ სფეროში გაერთიანებულია ქალაქის დასუფთავებისა და სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო ღონისძიებები.

 

საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე გამოყოფილი სახსრების გეგმა, რომელშიც შედის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის, იაფი სახლის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ტექნიკური ზედამხედველობის, ქალაქის დაგეგმარების, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის, წყლის სისტემების რეაბილიტაციის, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების, გარე განათების, სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის და ქალაქის გაფორმების ხარჯები –  იყო 7 165 8 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯებმა ორი მილიონით ნაკლები _ 5 466 700 ლარი შეადგინა.

 

დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროსთვის გამოყოფილი სახსრების გეგმა შეადგენდა 11,458.0 ლარს, ფაქტობრივი ხარჯები 8,977.1 ლარია, რაც გეგმის 78.3%-ია. განათლების სფეროზე გათვალისწინებული იყო 7,461.4 ლარი, საკასო შესრულება შეადგენს 6,131.3 ლარს.

 

ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში

 

საბოლოო ჯამში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში ასე გამოიყურება:  ინფოგრაფიკა #3.


3
3

 

ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი, მთავარი პასუხისმგებელი პირისგან – ბათუმის მერისგან ვერც საკრებულომ და ვერც ბათუმელემა ამომრჩეველმა მოისმინა, გიორგი ერმაკოვი სხდომაზე არ გამოცხადდა.

გადაბეჭდვის წესი