სიახლეები

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის ახალი თანამდებობა

15.08.2015 • 1566
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის ახალი თანამდებობა

 

ნათია სირაბიძე


ნათია, ვისი  გადაწყვეტილება იყო მთავრობის პრესსპიკერის თანამდებობის  დატოვება და რა მიზეზებმა განაპირობა?

 

– დაახლოებით ორი თვით ადრე ძალიან კარგი ვაკანსია გამოცხადდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ეს იყო ჩემთვის შანსი, რომ დავბრუნებულიყავი მედიაში. ამჟამინდელი ფუნქციით მედიაორგანიზაციებს უნდა დავეხმარო, როგორც ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე მარკეტინგისა და პრომოუშენის მიმართულებით, იმისათვის, რომ მედიაორგანიზაციებმა შეძლონ ბიზნესის წარმოება. ეს იმდენად  საინტერესო იყო ჩემთვის, რომ შევათანხმე მთავრობის თავმჯდომარესთან და თვითონაც მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე. გარკვეული პერიოდი ვერ გადმოვედი, რადგან იქ დასალაგებელი იყო საქმეები. კონკურსი ჩატარდა ივნისში და ივლისში გადმოვედი თბილისში.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის არასამთავრობო ან დონორ ორგანიზაციებში უფრო საინტერესოა მუშაობა, ვიდრე საჯარო სამსახურში?

– სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მთავრობაში, ავაწყე ერთიანი, კოორდინირებული სისტემა, შევიმუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა და ეს სისტემა ვიცოდი, რომ გააგრძელებდა მუშაობას, ამიტომ ვიფიქრე, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, მედიის სფეროს დავბრუნებოდი.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებაში ჩანდა, რომ თქვენ რაღაცით უკმაყოფილო იყავით. მან თქვა, რომ უფრო უკეთეს ადგილს შევთავაზებთ და დავაბრუნებთო. გამოხატეთ რაიმე უკმაყოფილება და კონკრეტულად რის მიმართ?

 

– ხაბაძის ეს კომენტარი არ მახსოვს. არანაირი უკმაყოფილება არ იყო, უბრალოდ უფრო საინტერესო შემოთავაზება იყო და როგორც მახსოვს, არჩილმაც თქვა, რომ კვალიფიციური კადრია და კარგი შეთავაზება აქვსო.

თქვენ თქვით, რომ მედიის სფერო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მთავრობის თავმჯდომარის აპარატში მუშაობა, განათლების მინისტრის მოადგილეობა რითია უფრო საინტერესო, რადგან აპირებთ, რომ დატოვოთ IღEX-და ისევ საჯარო სამსახურში დაბრუნდეთ?

 

– არჩილმა კარგად იცის ჩემი ხასიათი, რომ მუდმივად მინდა რაღაც ახალი ვაკეთო და მქონდეს ინიციატივები. რადგან სურვილი იყო, რომ ისევ გუნდში ვყოფილიყავი, ისევ ერთიანი საქმე გვეკეთებინა, გადაწყვიტა, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის კულტურის მიმართულება და მეც დავთანხმდი.

 

რატომ არის ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?

– რაც კეთდება, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლება. იგივე ფონდებთან ურთიერთობით შეიძლება უფრო მეტი დაფინანსების მოპოვება სტუდენტებისთვის, კულტურის კუთხით და მეც ამიტომ მომეწონა.

 

არჩილ ხაბაძემ ერთხელ თქვა, რომ მთავრობას აკლია პიარი. თქვენ, როგორც პიარტექნოლოგიების სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა არჩილ ხაბაძე ამ დასკვნამდე, მაშინ როცა ამ სფეროს სპეციალისტი ჰყავდით სამსახურში?

– ამაში არჩილ ხაბაძემ ის იგულისხმა, რასაც ზოგადად საზოგადოებაში ამბობენ. ხალხს მიაჩნია, რომ კარგი პიარი კეთდება მაშინ, როცა კონკრეტული ადამიანი ჩანს ყველგან, როცა სადმე რაღაც ხდება. რეალურად, საზოგადოების დაკვეთა იყო, რომ მთავრობას ეკეთებინა საქმე პიარის ნაცვლად. მაგრამ დღეს არის განწყობა, რომ საქმე კეთდება, მაგრამ პიარი არ ვარგა. სააკაშვილის დროს ტელევიზიები მთავრობის დაქვემდებარებაში იყო და ახლა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, პიარის კეთება საკმაოდ რთულია. 

 

მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამით მთავრობაც უკმაყოფილო დარჩა.

– უკმაყოფილო რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება სხვა შედეგი მოჰყოლოდა ამას და არ დამაბრუნებდა.

 

ვინ შეგცვლით თქვენ, გაუწიეთ ვინმეს რეკომენდაცია?

– რამდენიმე კანდიდატია როგორც ჩვენი გუნდიდან, ასევე გარედან. თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

თქვენ თქვით, რომ არ გიყვართ ერთ ადგილზე ყოფნა, რამდენად გრძელვადიანია თქვენი ახალ თანამდებობაზე ყოფნა და შესაძლებელია, რომ თქვენი ამ სამინისტროთი დაინტერესება მინისტრობით დასრულდეს?

– მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და გია [მინისტრი თავამაიშვილი] იმდენად კვალიფიციური ადამიანია, რომ ამ თანამდებობამდე ალბათ დიდხანს ვერ მივალ. ნამდვილად არ მაქვს მიზანი, რომ ვინმეს ჩავენაცვლო. სამომავლოდ, 2016 ან 2017-ში ჰარვარდში, კენედის პოლიტიკურ სკოლაში ვაპირებ ჩაბარებას.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია სამინისტროც დატოვოთ?

– ისე დავგეგმავ ყველაფერს, რომ არავინ დაზარალდეს.

 

 პოლიტიკური კარიერის გაკეთებას აპირებთ?

– მოვლენები გვიჩვენებს. თუმცა, პოლიტიკური სკოლა იძლევა შესაძლებლობას, რომ აკადემიური მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა და თუ დავამთავრებ, აუცილებლად ვასწავლი კიდეც ამ სკოლაში ქართული პოლიტიკის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი