სიახლეები

ქობულეთის გამგებელი: ფაქტიურად ცისკარა ვარ – კვირიკეში წყალი მოვიდა

12.08.2015 • 1665
ქობულეთის გამგებელი: ფაქტიურად ცისკარა ვარ  – კვირიკეში წყალი მოვიდა

 

კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო
კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო

„დღეს კიდევ ერთი აქცია გავმართეთ, გადავკეტეთ გზა, მოვიდა სოფელში ქობულეთის გამგებელი და მოვიდა წყალიც“ – ამბობს კვირიკეში მცხოვრები ეკატერინე ცენტერაძე.

 

„ფაქტიურად ცისკარა ვარ“ – იხუმრა ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას. გამგებელი ამბობს, რომ კვირიკეში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა:

 

„8 კილომეტრია  წყლის აუზიდან სათავე ნაგებობამდე, საიდანაც მოდის წყალი აუზში და ნაწილდება მოსახლეობაში.  ძირითად აუზამდე, ქვევით არის კიდევ ერტი პატარა აუზი,  ჯერ ის ივსება, მერე მოდის ქვემოთ. წყალი გადავკეთეთ მთელს სოფელში და გამოვუშვით მხოლოდ ცენტრალურ აუზში, რომ ავსებულიყო, მაგრამ სამ საათში 160 ტონიან აუზში წყლის დონემ მხოლოდ 10 სანტიმეტრით მოიმატა.“


ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ  სოფლის ძირითად ნაწილს ახლა წყალი მიეწოდება, თუმცა სანამ მთებში იწვიმებს და წყლის დებეტი გაიზრდება, გარკვეული გრაფიკით მიწოდება იქნება საჭირო.


„მთებში 25 ივლისის შემდეგ არ უწვიმია, დღეს წამოჟინჟლა მთაში, ველოდით წვიმას, მაგრამ არ გაწვიმდა, როგორც შეგვატყობინეს.


შეიძლება მოვძებნოთ სხვა წყაროც, რომელიც შეიძლება ცოტა მოშორებით იყოს, რომ დამატებით დავამხმაროთ, მაგრამ ძალიან შორსაა, კლდეზე მილს ვერ ჩამოვკიდებთ, ამას დამატებითი თანხაც დასჭირდება“ – ამბობს სულხან ევგენიძე.


 

 

გადაბეჭდვის წესი