სიახლეები

რკინისა და იოდის დეფიციტი ქართველ მოზარდებში

10.08.2015 • 7138
რკინისა და იოდის დეფიციტი ქართველ მოზარდებში

 

 

 

 

კვლევის პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოში კვლავ აქტუალური რჩება საკვებზე ფინანსური წვდომის პრობლემა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სხვა პროდუქტებთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს ძალიან მაღალი ფასი აქვს. საქართველოში შემოსავლის პროპორცია საკვებზე დახარჯული, 54%-ს შეადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.

 

საკვები პროდუქტების მაღალი ფასის უარყოფითი ზეგავლენა და გადამეტებული დამოკიდებულება ცომეულზე ასახულია იმ ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც ფიზიკურად არ არიან სათანადოდ განვითარებული ან აღენიშნებათ განვითარების შეფერხება. ასეთი ბავშვების რაოდენობა, კვლევის თანახმად, საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის 11%-ს შეადგენს.

 

სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (აჭარასა და გურიაში), იოდის დეფიციტის გამო, გამუდმებით აწუხებთ ჩიყვი.

 

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მედეა ამაშუკელი ამბობს, რომ რკინის დეფიციტი, რომელიც უფრო მეტად გამოხატულია დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, იოდის დეფიციტის მსგავსად, ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია: „რკინა არის ჰემოგლობინის ძირითადი კომპონენტი, შესაბამისად რკინადეფიციტი დაკავშირებულია ჰემოგლობინის ნაკლებობასთან ანუ ანემიასთან. რკინის დეფიციტი განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს ვითარდება კონცენტრაციის დეფიციტი, უმადობა, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, საერთო სისუსტე,“ – ამბობს ის.

 

სპეციალისტის რეკომენდაციით რკინადეფიციტის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტური ცილოვანი საკვების მიღებაა: „ყველაზე მეტი რაოდენობით რკინა შედის ცხოველურ პროდუქტებში. ეს არის საქონლისა და ხბოს ხორცი, ღვიძლი, ენა. სასურველია, რომ მოხარშული და კარგად დამუშავებული ხორცი კვირაში 2-3 ჯერ მაინც იყოს ჩართული ბავშვის რაციონში. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებში მაღალია რკინის კონცენტრაცია, კუჭ-ნაწლავში ადვილად ხდება ცხოველური პროდუქტებიდან რკინის შეთვისება“ – ამბობს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, რკინას შეიცავს ხილ-ბოსტნეულიც, თუმცა აქ რკინის კონცენტრაცია შედარებით დაბალია და მისი ათვისებაც ნაკლებად ხდება ორგანიზმის მიერ. მარცვლეულიდან რკინის ყველაზე დიდი რაოდენობა ლობიოშია, ხილიდან – ვაშლში, ბოსტნეულიდან კი – მწვანეფოთლოვან ბოსტეულსა და მწვანილებში.

 

„საუკეთესო შედეგს ვიღებთ მაშინ, როცა რაციონი დაბალანსებულია და მასში შედის ყველაფერი – ხორცი, ხილი და ბოსტნეული.“ – აღნიშნავს მედეა ამაშუკელი.

 

იოდის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს აყალიბებს, თუმცა სანამ რომელიმე პათოლოგია ჩამოყალიბდება, მანამ ორგანიზმი გაკვეულ ეტაპებს გადის: „თავიდან იწყება იოდის მსუბუქი დეფიციტი, რომელსაც კლინიკური სიმპტომები შეიძლება არ ჰქონდეს, შემდგომში თუ არ არის სათანადო რეაგირება, პრობლემა ღრმავდება.“ – განმარტავს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, იოდდეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ჰორმონული სისტემის ჩამოყალიბება. „იმისთვის, რომ მოხდეს მოზარდის სიმაღლეში ზრდა, სქესობრივი მომწიფება და ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარება, აუცილებელია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები იყოს ნორმის ფარგლებში, რასაც ძირითადად მაინც ჩვენს ორგანიზმში მიღებული იოდის რაოდენობა განაპირობებს,“ – ამბობს ის.

 

თუ ბავშვს ან მოზარდს აღენიშნება ზრდისა და სქესობრივი განვითარების შეფერხება, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, ნერვული აგზნებადობა, კანის სიმშრალე, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ამბობს ენდოკრინოლოგი.

 

არსებობს მოსაზრება, რომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა იოდის შემცველი პროდუქტებითაც საკმარისია, თუმცა ენდოკრინოლოგის თქმით, ისეთ იოდდეფიციტურ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ადგილობრივი პროდუქტით ეს შეუძლებელია, რადგან ნიადაგიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით იოდს, შესაბამისად ვერც ხილსა და ბოსტნეულში მოხვდება საკმარისი რაოდენობის იოდი. „იოდის შემცველია ძირითადად ზღვისა და ოკეანის პროდუქტები, ასევე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი. ვერ გეტყვით, რომ ეს სრულ პროფილაქტიკას მოახდენს, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც ექნება.“ – ამბობს ექიმი.

 

რადგან რკინის დეფიციტს შესაძლოა კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდეს, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. „შესაძლოა, ბავშვს აღენიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, სიფერმკრთალე, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოხატული სიმპტომები. რკინადეფიციტის დროს კლინიკური სურათი ყალიბდება მაშინ, როცა ჰემოგლობინი საკმაოდ დაბალია, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ ანემიის დადასტურების შემთხვევაში ვიკვლევთ უკვე სისხლში რკინის შემცველობას და ვადგენთ მკურნალობის ფორმას – მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან, თუ საკმარისია, დიეტური ჩარევით ვავსებთ დეფიციტს“. იოდისა და რკინის შემცველი პრეპარატები უნდა დანიშნოს ენდოკრინოლოგმა ან თერაპევტმა.

გადაბეჭდვის წესი