ნეტგაზეთი • RU

6 აგვისტოს ბათუმის ეზოს ამბები იწყება

 

ორგანიზაცია „Micro -ფონი“ წარმოგიდგენთ „ბათუმის ეზოს ამბებს“. პატარა ქალაქის პატარა ეზოების ამბებს, რომელიც ბათუმის ისტორიას, კულტურას და ხასიათს ქმნის, დროში და სივრცეში იკარგება.  საჯარო ხელოვნების პროექტი  „ბათუმის ეზოს ამბები“ კი საშუალებაა ეს ისტორიები თანამედროვე ხელოვნების ენაზე გამოხატოს და სხვადასხვა ფორმით საზოგადოებამდე მიიტანოს.

 

 

 

პროექტი მეოთხე წელია იმართება და ის ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშველოვანი ნაწილი გახდა.  ბათუმის ყოველწლიურ  უჩვეულო ქუჩის გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე მულტიმედია არტისტები მონაწილეობენ, ისინი თავს  ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე იყრიან და „ბათუმის ეზოს ამბებს“  ეზოს მცხოვრებლებთან ერთად გვიყვებიან. 

 

 

ფესტივალში მონაწილე არტისტების ნამუშევრების ინსპირაცია ეზოს მაცხოვრებელების საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტო-მასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანულ გარემო ან ყოველდღიური ცხოვრება ხდება, რომელსაც ბათუმელი, თბილისელი და უცხოელი  მულტიმედია არტისტები სხვადასხვა  გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებით გვაჩვენებენ.

 

წელს ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და „ბათუმის ეზოს ამბებში“ 14 არტისტი მონაწილეობს. არტისტები კონკურსის მეშვეობით შეირჩა.

 

 

წელს, „ბათუმის ეზოს ამბები“ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ეზოს მაცხოვრებლების საინტერესო ისტორიებს გაგაცნობთ. არტისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ისინი 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ და  ჯგუფური ან ინდივიდუალურ ნამუშევრებს შექმნიან. ახალი ისტორიები  და საინტერესო ნამუშევრები ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, 6-დან 8 აგვისტოს ჩათვლით  გამოიფინება.

 

 

„ბათუმის ეზოს ამბები“  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანასებით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება, მას უკვე ტრადიციული სახე აქვს და ბათუმის არტ-ცხოვრებაში  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"