ნეტგაზეთი • RU

ბათუმში პატიმრებს გამოკვლევები ჩაუტარეს

 

დღეს, სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში სამედიცინო აქციის ფარგლებში მედიატური ჩატარდა.  

 

[შუაში] თამთა დემურიშვილი

სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა ჟურნალისტებს დაწესებულებაში სამედიცინო კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი გამარტებით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი. მისივე განმარტებით, აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500- მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.

ზეინაბ ვარშალომიძესთან დღეს ექოსკოპიის გადასაღებად რიგში 21 პატიმარი ჩაეწერა

ასევე დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კონსულტაცია და გამოკვლევები ჩაუტარეს პატიმრებს. ყველაზე მეტი პაციენტი დღეს ნევროპათოლოგს ჰყავდა. პატიმრების წამლებისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მილიონამდე ლარი იხარჯება.

პაციენტებს დღეს გამოკვლევა ღვიძლზე ჩაუტარდა

საქარათველოში სულ 11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. მათ შორის ერთია ბათუმში.

ბათუმის მესამე დაწესებულებაში ახლა 160 ადამიანი იხდის სასჯელს.

სამედიცინო ნაწილის საკანი

სამედიცინო ნაწილის საკანი

საკანი, სადაც ექიმები პაციენტებს გამოკვლევებს უტარებდნენ

დღესვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო.

მსჯავრდებულთა კვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და N1 პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.
ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა