სიახლეები

დახმარების სურვილი თუ პოლიტიკური სპეკულაცია

29.05.2015 • 1582
დახმარების სურვილი თუ პოლიტიკური სპეკულაცია

 

 

ქედის საკრებულოს ენმ-ის წევრი ვაჟა ბოლქვაძე განკარგულების პროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირების კვარტალური პრემიით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავის შეძენას მოითხოვდა. ვაჟა ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი პროექტი დამსწრე 18 დეპუტატიდან მხოლოდ ოთხმა მოიწონა.

 

 

განკარგულების განხილვას მწვავე დისკუსია მოჰყვა დეპუტატებს შორის, უმრავლესობამ ვაჟა ბოლქვაძეს მისი მუშაობის პერიოდი შეახსენა. ცხრა წელი პრემიაც თქვენს ხელში იყო და ხელფასიც, რატომ არ გამოიყენეთ მაშინ?“ – ჰკითხა ამირან დევაძემ მომხსენებელს. საკრებულოს სხვა წევრმა კი თქვა, რომ უმჯობესია საქველმოქმედო ფონდი შეიქმნას და ვისაც სურვილი ექნება, მან გაიღოს ხელფასიდან ქველმოქმედება.

 

ერთი პარტია თავის გამოსაჩენად სვამს საკითხს, მეორეც სათავისოდ უარყოფს, ვფიქრობ უპრიანი იქნება შეიქმნას საქველმოქმედო ფონდი, ფონდში შემოსული თანხით კი შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ, მართალია ყველას ვერ დაეხმარებით, მაგრამ ერთ ოჯახსაც რომ გადაუჭრა პრობლემა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს უშანგი ბერიძე.

 

ვითხოვდი, თანამდებობის პირების გამგებელის, მოადგილეების, სამსახურის უფროსების, განყოფილების უფროსების, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების კვარტალური პრემია გაღატაკებულ ოჯახებს მოხმარებოდა. თანამდებობის პირებს პრემია არ აეღოთ, რაც 45 440 ლარს შეადგენს, ეს თანხა კი 37 ოჯახის პრობლემას მოაგვარებდა. დემაგოგიური პროექტი არისო, მე ვთავაზობ მათ მოამზადონ ანალოგიური პროექტი, ოღონდ ხალხს წაადგეს“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

საპრემიო ფონდი ამოწურულია, თანხა არ არის, ეს თვითონაც იცოდა, მაგრამ საკითხი შემოიტანა იმ მიზნით, რომ აჩვენოს თითქოს ხალხზე ფიქრობს, ასეთი დემაგოგია როგორ შეიძლება, რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდის შექმნას, მე მხარს დავუჭერ“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

 

 

 საკრებულოს სხდომას  ქედაში 2012 წელს მიწის ძვრის დროს დაზარალებული სოფელ ნამლისევში მცხოვრები ალექსანდრე აზნაურიშვილიც ესწრებოდა, მან საკრებულოს კიდევ ერთხელ დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც ხელთ არსებული გეოლოგიური დასკვნა დეპუტატებს აჩვენა.  იგი ამბობს, რომ უკვე სამი წელია უშედეგოდ ითხოვს დახმარებას – “სამი წელია ვითხოვ დახმარებას, სად წავიდე? ვის მივმართო? სად ვიპოვო სამართალი?… “.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი