კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ვებგვერდზე ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის შეძენისას ვებგვერდზე სისტემა გაჩვენებთ, რამდენი მამაკაცი და ქალია სალონში. აქვე მითითებულია, რომ ადგილის არჩევისას სქესი უნდა გაითვალისწინოთ: „აღნიშნული ადგილი გათვალისწინებულია მხოლოდ ქალბატონებისთვის“ – მითითებულია იმ თავისუფალ ადგილზე, სადაც ქალი ზის, ხოლო იმ ადგილის გვერდით, რომლის ბილეთი უკვე კაცს აქვს შეძენილი, ვკითხულობთ: „ადგილი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის“.
რატომ ყიდის კომპანია ავტობუსში ადგილებს გენდერული ნიშნით? „მეტრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ეს დოგმა არ არის და სისტემა მგზავრების მეტი კომფორტისთვისაა გათვალისწინებული.
„თქვენ რომ იმგზავროთ, გესიამოვნებათ გვერდზე მამაკაცი დაჯდეს?! ეს არ არის დოგმა, თუ გსურთ – კი ბატონო. ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. მე, მაგალითად, მეუღლე რომ იყოს და ჩემი ქალიშვილი, მირჩევნია, რომ ქალის გვერდით დაჯდეს. ეს სისტემა ევროპაშიც არის, ეს არ არის დოგმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ასე გვაქვს მითითებული“ – ამბობს რობერტ ფერდმანი, „მეტრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“.
„მეტრო ჯორჯია“ საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.