Batumelebi | რატომ ვერ ცვლის უმაღლესი საბჭო რეგლამენტს რატომ ვერ ცვლის უმაღლესი საბჭო რეგლამენტს – Batumelebi
RU | GE  

რატომ ვერ ცვლის უმაღლესი საბჭო რეგლამენტს

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. ჩანაწერი რეგლამენტში, რომელმაც ამ თანამდებობაზე დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა-არ არჩევის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და ის იურისტებმაც დასაბუთებულად ანტიკონსტიტუციურად შეაფასეს, ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ. იურიდიულ კომისიაში აცხადებენ, რომ რეგლამენტში ცვლილების ინიცირება ივლისში დაიწყება. კონსტიტუციონალისტს კი „უკვირს“, თუ რატომ დასჭირდა სამი წელი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ხარვეზების გასასწორებლად. 

 

სხდომა უმაღლეს საბჭოში
სხდომა უმაღლეს საბჭოში

რეგლამენტში არსებული ჩანაწერის გამო უხერხულობა აჭარის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხის კენჭისყრის შემდეგ არ შექმნია. მანამდე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის კვოტით კანდიდატის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული ჩანაწერი. აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი კანდიდატის წარსადგენად 15-დღიან ვადას, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კი, 10-დღიან ვადას ითვალისწინებდა. ჩანაწერი იურისტებმა ტექნიკურ შეცდომად შეაფასეს, თუმცა მათივე განმარტებით ამ საკითხსაც შეეძლო პრობლემების შექმნა. 

 

მეორე შემთხვევაზე, რაც ვიცე-სპიკერის არჩევა-არ არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას და სხდომაზე დამსწრეთა ოდენობას, ანუ ე.წ. კვორუმის საკითხს უკავშირდებოდა, ბევრჯერ დაიწერა.

„დღის წესრიგში დადგა რეგლამენტის მუხლებს შორის შეუსაბამობაც. საინტერესო თემა იყო ისიც, თუ რატომ დაუშვეს მოადგილის არჩევის მესამე კენჭისყრა მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ კანონიერად არ ცნო პროცედურა. ასევე, ჰქონდა თუ არა საბჭოს თავმჯდომარეს უფლება დადგენილებაზე ხელი არ მოეწერა, რადგან მან მისცა უმაღლეს საბჭოს ხელის აწევის საშუალება. დადგენილება არის წერილობით ფორმაში გამოხატული ნება“, – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორი, იურისტი არჩილ ხახუტაიშვილი. მისივე თქმით, შესაძლებელია რეგლამენტში ხარვეზები ისევ დაფიქსირდეს: „ეს პრტაქტიკაში გამოჩნდება. თუმცა, მთავარია, იყოს ამ ხარვეზების გასწორების ნება და ისინი პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის არ გამოიყენონ.“

 

რეგლამენტის ხარვეზებზე საუბრისას სახელისუფლებო გუნდი ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს. რას აკეთებს ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო იმისთვის, რომ რეგლამენტი აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და უმაღლესი საბჭო ხვალ ისევ ამ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეს? – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თემურ კახიძის ინფორმაციით, რეგლამენტის შეცვლაზე, ცვლილების მომზადებასა და დახვეწაზე სპეციალური კომისია მუშაობდა.

 

„კომისიამ მუშაობა დაასრულა და დოკუმენტები გადმოგვეცა იურიდიულ კომისიას. სავარაუდოდ, ივნისში დავიწყებთ ცვლილებების ინიცირებას. რაც რეგლამენტს აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანს. ახალი რეგლამენტი დაინტერესებულ პირს თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებისა და მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს“, – ამბობს თემურ კახიძე.

 

რეგლამენტი არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პროცედურული დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში პროცედურების ქრონოლოგიასა და მათი განხორციელების წესებს ადგენს. რეგლამენტს იღებს და მასში ცვლილები შეაქვს იმავე ორგანოს, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შეუსრულებლობა ან მისი უგულებელყოფა ისეთივე მნიშვნელობის დარღვევაა, როგორიც სხვა კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევა. რეგლამენტის დარღვევით მიღებული დოკუმენტი კი შეიძლება გაბათილდეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რეგლამენტი აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ადგენს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წარმმართველ პროცედურებს. რეგლამენტი ავსებს კონსტიტუციას და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

 

ამ შესაბამისობების დასადგენად ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს მუშაობის დაწყებიდან თითქმის სამი წელი დასჭირდა, რაც კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძისთვის იმის მანიშნებელია, რომ უმაღლესი საბჭო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

 

„სამი წლის განმავლობაში რეგლამენტის შეცვლა ვერ მოახერხეს. რა არის უმაღლესი საბჭო? – საკანონმდებლო ორგანო, რომელიც რეგიონის პარლამენტია. ის არის კანონმდებელი და პირველ რიგში, მისი ფუნქციაა მიიღოს კანონები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისი. პირველი და უმთავრესი დოკუმენტი კი არის რეგლამენტი, რომლითაც უმაღლესი საბჭო მუშაობს. რეგლამენტი ადგენს მნიშვნელოვან პროცედურებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს უმაღლესმა საბჭომ, ამ რეგლამენტის შესაბამისად რეგულირდება. კონსტიტუცია დეტალებს არ განსაზღვრავს, ამიტომ რეგლამენტი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მიკვირს ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ახალი რეგლამენტი რატომ ვერ მიიღო სამი წლის განმავლობაში, მითუმეტეს, თუ არსებული რეგლამენტი სრულყოფილი არ იყო. ასეთ პირობებში ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს“, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე.

 

თემურ კახიძის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოს რეგლამენტზე მუშაობისას დიდი დრო დასჭირდა, რადგან დიდი მოცულობის პაკეტია, ცვლილებებს ივნისში დაარეგისტრირებენ, ხოლო მის განხილვას სექტემბერში დაიწყებენ. უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას ახალი რეგლამენტით შეხვდება.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრთაგან ორი იურისტია – პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მედეა ვასაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე