ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალკალას უნივერსიტეტთან (ესპანეთი) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სწავლას ერთი ან ორი სემესტრით ალკალას უნივერსიტეტში. მასპინძელი უნივერსიტეტი სტუდენტს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისაგან, თუმცა სტუდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები.

„ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უნივერსიტეტის წარმომადგენელი ამ დღეებში ჩამოვა და გაიმართება უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა. სამი სტუდენტი უნივერსიტეტის მასშტაბით ერთ ან ორსემესტრიან სწავლებას გაივლის ალკალას უნივერსიტეტში. ეს ყველა იმ ფაკულტეტს მოიცავს, რაც ჩვენ გვაქვს. სტუდენტი სწავლის გადასახადიდან მიმღებ უნივერსიტეტში თავისუფლდება, ოღონდ ყოველდღიური ხარჯები უკვე სტუდენტმა უნდა დაფაროს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამარ მაჭუტაძემ.
მისივე თქმით, თუ კი ალკალას უნივერსიტეტში სწავლის მსურველი სამზე მეტი სტუდენტი იქნება, გაიმართება კონკურსი, რომელშიც გამარჯვებულებს აკადემიური მოსწრებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონით გამოავლენენ.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც 2 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით იწვევს სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად. სწავლის ფასი 600 ევროა.