სიახლეები

ოლიმპიადის გამარჯვებული სოფლის მილევადი სკოლიდან

30.04.2015 • 1950
ოლიმპიადის გამარჯვებული სოფლის მილევადი სკოლიდან

 

ლუკა გოგმაჩაძე პედაგოგთან ერთად
ლუკა გოგმაჩაძე პედაგოგთან ერთად

„ერთ დღეს ისტორიის მასწავლებელთან ერთად ქობულეთის მუზეუმში გამოფენაზე ვიყავი. ჩემი ყურადღება დედაბრულმა ხელნაწერებმა მიიქცია. მის შესახებ მანამდე არაფერი მქონდა გაგონილი და ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე ამ თემაზე მემუშავა“, – გვეუბნება ლუკა.
ლუკას თქმით, დედაბრული ხელნაწერები არა მარტო თავისი წერილობითი სტილით, იმითაც არის საინტერესო, რომ ქობულეთშია აღმოჩენილი და დაცული: „მეგრელიძეების ოჯახში აღმოაჩინეს ეს ხელნაწერი და როგორც გავიგე, ეს არის შელოცვებისა და ლოცვების წიგნი, სადაც წმინდა გიორგიც არის ნახსენები“.

 

ლუკასთვის ეს პირველი გამარჯვებაა. ამბობს, რომ კვლევების მიმართ მას დიდი ინტერესი აქვს. უნდა, რომ შემდეგი თემა საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ მოამზადოს: „ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ჩემს სოფელში დიდი სეტყვა მოსულა და ყველაფერი დაუზიანებია. მაშინ სეტყვას სოფელში კოხს ეძახდნენ და ძლიერი სეტყვის, ანუ „კოხის“ გამო დაარქვეს სოფელს ეს სახელი. მანამდე რა ერქვა არ ვიცი. მინდა შემდეგი თემა ამაზე დავწერო“.

 

ლუკას ძალიან უყვარს ისტორია, განსაკუთრებით საქართველოსი. „მეფეებისა და გმირების შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. ვცდილობ, რაიმე ახალი გავიგო“, – ამბობს ლუკა.

 

წიგნის მოყვარული ლუკა ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ მისი სოფლის სკოლას ბიბლიოთეკა არ აქვს. სასურველი წიგნების მოსაძიებლად ათი კილომეტრის გავლა, ანუ ქობულეთში უწევს ჩასვლა. „ძალიან კარგი იქნება, სკოლაში რომ გვქონდეს წიგნები და ახალი თემების მოძიების შესაძლებლობა. წიგნის გარეშე ძალიან ძნელია რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო. მართალია, კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტწყაროებსაც ვიყენებთ, მაგრამ წიგნებიც აუცილებელია“.

 

ლუკა ამბობს, რომ გარდა ბიბლიოთეკის უქონლობისა, სკოლაში არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები გააკეთოს. სკოლას სჭირდება რემონტიც.

 

„სკოლა ცხრაკლასიანია და 50 მოსწავლე სწავლობს. ბევრს მეზობელ სოფლებში დაჰყავს ბავშვები და ამის გამო სკოლა მილევადია, დროთა განმავლობაში დაიხურება ალბათ. მომავალში მეც რომელიმე მეზობელ სკოლაში მომიწევს გადასვლა. ვაპირებ, ინგლისურ ენაში მოვემზადო, მინდა იურისტი გამოვიდე“, – ამბობს ლუკა.

 

ლუკას თქმით, სოფლის ბავშვების გასართობი ადგილიც სკოლაა, რადგან სპორტული მოედანი მხოლოდ სკოლას აქვს: „ჩოგბურთის მაგიდებიც არის და ამით ვერთობით ძირითადად. პატარა სკოლა და სოფელი გვაქვს. ვცდილობ, რაიმეთი წარმოვაჩინო.“

 

გადაბეჭდვის წესი