ნეტგაზეთი • RU

ბათუმის დელფინარიუმი მაისში გაიხსნება

 

ბათუმის დელფინარიუმი მაისამდე დახურულია, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. 

როგორც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა გვითხრა, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

შპს „ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ბათუმის მერიის ორგანიზაციაა, რომელსაც მერიამ მმართველობაში გადასცა ქალაქის ცენტრში მდებარე 6 მაისის პარკი, რომლეიც, თავის მხრივ, დელფინარიუმთან ერთად მოიცავს კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხეს, აკვარიუმს, საბავშვო ატრაქციონებს.

დელფინარიუმის შენობის რეაბილიტაციის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 240 040 ლარზე 2015 წლის 13 თებერვალს გამოაცხადა.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ქართუ მშენმა“, რომელმაც დელფინარიუმის რეაბილიტაცია 187 000 ლარად უნდა შეასრულოს. შპს `ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა“ და შპს „ქართუ მშენს“ შორის 31 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქართუ მშენს“ ევალება დამატებითი ტრიბუნების მოწყობა, დელფინების აუზის შეკეთება, დელფინარიუმის შენობის ბეტონისა და ქვის ზედაპირების შეღებვა, სავენტილაციო ჟალუზების მოწყობა, დელფინარიუმის სახურავისა და დამხმარე შენობების რეაბილიტაცია. ეს სამუშაოები კომპანიამ 20 მაისამდე უნდა დაასრულოს. ამასთანავე „ქართუ მშენის“ გაწეულ სამუშაოს 24-თვიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ შესყიდვების მენეჯერის ლევან კვანტალიანის თქმით, 6 მაისის პარკში ამ ეტაპზე მხოლოდ დელფინარიუმის შენობაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მსგავსი სამუშაოები კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხესა და აკვარიუმსაც ესაჭიროება, რომლებზეც სამომავლოდ, დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ტენდერს გამოაცხადებს.

6 მაისის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აკვარიუმი, ზოოკუთხე და ატრაქციონები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

 


დელფინარიუმში ამჟამად 12 დელფინია.

ბათუმის დელფინარიუმი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი