ნეტგაზეთი • RU

კონკურსში ორჯერ ჩაჭრილი პირი ახალ თანამდებობაზე

 

ბათუმის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით, ავთანდილ ბურკაძე, რომელიც ბათუმის მერიაში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ ჩაიჭრა,  აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად დანიშნეს. გიორგი კირთაძის განცხადებით,  ავთანდილ ბურკაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის მეგობარია.

გიორგი კირთაძე

„ეს არის ადამიანი, რომელსაც 2013 წელს ძალიან უნდოდა რომ გამხდარიყო საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი და შესარჩევ კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მის კანდიდატურაზე საკრებულომ ბიუროს სხდომებზე ორჯერ თქვა უარი. პირველად 16 ივლისს, შემდეგ კი 29 ივლისს. ამის შემდეგ, ავთანდილ ბურკაძე ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დანიშნეს, საიდანაც ის მალე გადაიყვანეს მოადგილის თანამდებობაზე.  ავთანდილ ბურკაძემ მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ქულები ვერ დააგროვა. ამის შემდეგ, ირაკლი ჭეიშვილმა და ერმაკოვმა ეს ადამიანი წაიყვანეს იქ, სადაც არ იყო საჭირო კონკურსის გავლა.  ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის მეგობრობს ირაკლი ჭეიშვილთან“- აცხადებს, გიორგი კირთაძე.

კირთაძის განცხადებით, ავთანდილ ბურკაძის აიპის „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად დანიშვნის ბრძანება ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, სამი დღის წინ გაწერა.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა, რადგან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მილიონი ლარია სასაფლაოების პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული, ამიტომ, ავთანდილ ბურკაძემ რომელმაც ვერ შეძლო ორჯერ კონკურსის გავლა, ვფიქრობ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“.

გიორგი კირთაძის აზრით, აიპის ყოფილი ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

„ამ პოზიციაზე მუშაობდა ლაშა ბერძენიშვილი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო დანიშნული და ვფიქრობ რომ ეს გათავისუფლებაც  იყო პოლიტიკური მოტივით“.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.