ცვლილებებს, რომელიც გუშინ, 6 აპრილიდან ამოქმედდა, ხელი პრემიერ-მინისტრმა 3 აპრილს მოაწერა.
თავდაპირველი ვარიანტით [მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით], პროგრამაში მონაწილეობას მიიღებდნენ „საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა)“;
ცვლილებების შემდეგ ეს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას [ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, ან წარმოდგენილი იქნება საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნების გამცემი ფიზიკური ან იურიდიული პირის [ექსპერტის] მიერ [რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და უკანასკნელი 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების დაპროექტების ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და საზედამხედველო ან/და მშენებლობის განხორციელების ეტაპების სამუშაოები] მომზადებული აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნა სამშენებლო პროექტით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ეტაპის სამუშაოების დასრულების შესახებ, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება თუ არა ქონება ექსპლუატაციაში]“;
ცვლილება შევიდა იმ მუხლშიც, რომელიც პროგრამაში ჩართვის მსურველ დეველოპერს გარკვეულ მოთხოვნას უყენებდა.
კონკრეტულად, მუხლი: –
„დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი“, –
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ 500 კვ.მ-ს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობების ჯამური ფართობის არანაკლებ 70% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს (შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს ამორტიზებულ, ავარიულ, დროებით, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგის და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობა-ნაგებობას, უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით) და პროექტის დასრულებას უზრუნველყოფს, პროგრამის შესაბამისად გაცემული, არა უმეტეს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით“.
პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის ივნისში დაამტკიცა, კომპანიებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველ ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გააფორმებენ.