Batumelebi | აჭარის მთავრობა ფეისბუქში აჭარის მთავრობა ფეისბუქში – Batumelebi
RU | GE  

აჭარის მთავრობა ფეისბუქში

 

„ფეისბუქში“ მიმოწერის გასაჯაროებასა და „სტატუსების“ კომპრომატად გამოყენებასაც კი ჰქონდა ადგილი ბოლო დროს პოლიტიკოსების, ამა თუ იმ საჯარო მოხელის მიერ. ზოგიერთი საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში უფრო კონტაქტურია, ზოგიერთი – პირიქით. როგორც თავად ამბობენ, მათგან ზოგიერთი „ფეისბუქს“ როგორც საკომუნიკაციო საშუალებას ან საზოგადოების განწყობის გასაცნობად იყენებს, ზოგიერთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება. თანამდებობის პირები „ფეისბუქს“ სადისკუსიო სივრცედ არ  იყენებენ. 

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს, ავთანდილ ბერიძეს, სამუშაო მაგიდაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პოეტ ვახტანგ აბულაძის ლექსების კრებულიც უდევს, ან იმ ინტერნეტგვერდს, სადაც მისი ლექსებია გამოქვეყნებული, ყოველდღე ათვალიერებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ის სტროფები აქვს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაზიარებული, რომელშიც ღალატისა და იმედგაცრუების თემატიკა სჭარბობს. „პირუთვნელი და არამედროვე, დრო იტყვის ხოლმე, ვინ ვის ღალატობს“, – ამ ფრაზით სრულდება ლექსის პირველი სტროფი, რომელიც ავთანდილ ბერიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე 27 მარტს ღამის 12 საათზე გააზიარა.

 

მის მიერ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გაზიარებული იმავე ავტორის ლექსი კი ასე იწყება: „ოთახის კატა, გარეთ გასვლა რომ ეკრძალება, უმზერს სარკმლიდან გაფუყული თვისტომებს ქუჩის…“

 

ავთანდილ ბერიძეს, როგორც ოფიციალურ პირს, „ფეისბუქში“ ცალკე პროფილი არ აქვს და ისევ იმ პროფილით სარგებლობს, რაც უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ჰქონდა. თუმცა ამ გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული ოფიაციალურ შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები. პოსტების ინტენსივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ავთანდილ ბერიძე „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია. ამბებსა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფეისბუქგვერდზე“ აქვეყნებს.

 

„ფეისბუქის“ საძიებო ველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელისა და გვარის ქართული შრიფტით ჩაწერის შემთხვევაში ოთხი პროფილი იძებნება. მათ შორის ერთ-ერთ გვერდს, რომელიც რეგიონის პირველი პირის ოფიციალური გვერდია, 4 181 მოწონება აქვს. ამ პროფილზე აქვეყნებენ ინფორმაციასა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანი ეცნობა აქ განთავსებულ ინფორმაციას. არჩილ ხაბაძეს ოფიციალური გვერდის მთავარ ფოტოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაღებული ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.

 

„ფეისბუქზე“ იძებნება ასევე პროფილი „არჩილ ხაბაძის მხარდამჭერთა ჯგუფი“. ამ გვერდის ქავერის ფოტოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დაყენებული, შინაარსობრივად ეს გვერდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გვერდის ანალოგიურია, ეს გვერდი 2015 წელსაა შექმნილი.
არჩილ ხაბაძის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული კითხვებით ან პრეტენზიით, თუმცა არჩილ ხაბაძე „ფეისბუქს“ საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ არ იყენებს. არჩილ ხაბაძეს ფოტოებზე ხშირად უტოვებენ მაამებელ კომენტარებსაც, აქებენ მას და წარმატებებს უსურვებენ.

 

„ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. ის ამბობს, რომ „ფეისბუქი“ მისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა. „ტელეფონში მაქვს ფეისბუქი და როცა მწერენ, მომდის ხოლმე. ეს ერთ-ერთი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა მოსახლეობასთან“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვების მსგავსად ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქგვერდზე“ ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციას, საკრებულოში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მერიის ახალ პროექტებს აზიარებს, თუმცა ხანდახან ის ამ ტრადიციას ღალატობს და, როგორც თავად წერს, „არაკორექტულადაც“ იქცევა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარ გვერდზე გააზიარა ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ფოტო, სადაც ის ავტომატებითაა. ის ხელში აყვანილი ჰყავთ უმაღლესი საბჭოს წევრებს – მედეა ვასაძესა და ჯემალ ფუტკარაძეს (ფოტო ფოტოშოპითაა დამუშავებული. ის მას შემდეგ გავრცელდა სოციალურ ქსელში, რაც მურმან დუმბაძემ ტელევიზიების თანდასწრებით იარაღი შეიძინა).

 

„არაკორექტული ვარ ეხლა, მაგრამ რომ არ დამედო, ვერ მოვითმენდი:))))))))) შემთხვევით წავაწყდი და ძალიან ბევრი ვიცინეე:)))))))))))))“, – ასეთი წარწერა წაუმძღვარა ფოტოს ირაკლი ჭეიშვილმა მურმან დუმბაძის ფოტოს. ფოტოს საკრებულოს თავმჯდომარის გვერდზე ვიცე-სპიკერის მიმართ ქილიკი და არაკორექტული კომენტარები მოჰყვა. კომენტარებს ირაკლი ჭეიშვილი არ გამოხმაურებია.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ერთადერთი თანამდებობის პირია რეგიონში, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში, „ფეისბუქზე“ პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნებას არ ერიდება, მაგალითად, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების დროს მან საკუთარ გვერდზე დაწერა: „9-საათიან პოსტკრიპტუმს უყურეთ და შემდეგ მითხარით, რომ დუმბაძე და მისი მიმდევრები არ არიან ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან:)) მურმან დუმბაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ კი მის გვერდზე გაჩნდა სტატუსი: „კლოუნო დუმბაძე, ის ტოტი მოჭერი, სადაც იჯექი:))“ – ამ სტატუსს 30-მდე არცთუ ისე კორექტული კომენტარი მოჰყვა.

 

„ფეისბუქგვერდს“ თავად მართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. ის, ძირითადად, აქვეყნებს ან აზიარებს ინფორმაციას ოფიციალური შეხვედრებისა და ახალი პროექტების შესახებ, ან ამ შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. „ცოტა დრო მრჩება ფეისბუქით სარგებლობისთვის, თუმცა როდესაც ამის დრო მაქვს, როგორც ყველა, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების კუთხით ვიყენებ“, – ამბობს დავით ბალაძე. მინისტრის თქმით, სამინისტროს ოფიციალური გვერდიც აქვს. „აღნიშნულ გვერდზე მოქალაქეებიც გვწერენ. წერილების ადრესატი მეც ხშირად ვარ, ამდენად აქტიურად ვეცნობით ხალხის წერილებს, რათა შემდგომ დროულად მოხდეს მათზე რეაგირება“, – ამბობს მინისტრი ბალაძე „ბათუმელებთან“.

 

თუ გქონიათ კონკრეტულ გზავნილზე კონკრეტული რეაგირება? – მინისტრი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებისგან მიღებული ერთ-ერთი წერილის შემდეგ, სამინისტრომ აქცია დაგეგმა: „ვფიქრობ, ფეისბუქი პოზიტიური საქმისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული. საზოგადოებამდე საინტერესო და სასარგებლო ინფორმცია რომ მიიტანო, ყველა საშუალება უნდა გამოიყენო. ფეისბუქი კი ამ კუთხით, დღეისთვის ერთ-ერთი ეფექტური გზაა“.

 

„ფეისბუქით“ აჭარიის ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც სარგებლობენ და ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციებს აქვეყნებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე