სიახლეები

არათანაბარი პირობები – პროკურორის სასარგებლოდ

26.03.2015 • 1471
არათანაბარი პირობები – პროკურორის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლო/მანანა ქველიაშვილის ფოტო

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა თანასწორობა თითოეული მხარისთვის გულისხმობს საკუთარი პოზიციის, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის გონივრულ შესაძლებლობას ისეთ პირობებში, რომელიც მას არ ჩააყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგესთან. მხარეთა შეჯიბრებითობა გულისხმობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანაბარ პირობებს მოიპოვონ, შეისწავლონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ საკუთარი და მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ისარგებლონ თანაბარი უფლება-მოვალეობებით… მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე აგებული სისხლის პროცესის მიზანი სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფაა.

მიუხედავად ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურორებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, ამიტომაც ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ.
“სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უზრუნველყოფისთვის”, – ასე ჰქვია 72-გვერდიან კვლევას, რომელსაც მალე საკანონმდებლო ინიციატივად აქცევენ, მანამდე კი ავტორები მოსაზრებებს ფოკუსჯგუფებს აცნობენ. აპირებენ შეხვდნენ მოსამართლეებს და მათთან განიხილონ კანონის ნორმები, რომლითაც, მათი შეფასებით, ბრალდებისა და დაცვის მხარის თანაბარი უფლებები ირღვევა. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა ამ ბოლოს განსაკუთრებით ჩაიკეტა. ამის მიუხედავად იმედი აქვთ, რომ მათი კოლეგები დისკუსიაზე უარს არ იტყვიან. “ჩვენი მიზანი სულაც არ არის პროკურორები დაჩაგრულები ან მაჩანჩალები იყვნენ. ჩვენ გვსურს თანაბარი უფლებებით ვსარგებლობდეთ”, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ადვოკატი ემზარ პაქსაძე.

ადვოკატი და ყოფილი პროკურორი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ თანასწორუფლებიანობა პირობითია მთელი რიგი გარემოებების გამო: “მთელი რიგი საკანონმდებლო დანაწესი პირდაპირ ავლენს არათანასწორობას. მხოლოდ ბრალდების მხარეა უფლებამოსილი ახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვას ეს უფლება არა აქვს, ე.ი. საკითხი დავას მოკლებულია. საკანონმდებლო დონეზე არათანაბარ მდგომარეობაშია დაცვისა და ბრალდების მხარე არა მხოლოდ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობაში და დამოუკიდებლობაში. ბრალდება მტკიცებულების მოპოვების ვადას განსაზღვრავს თვითონ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ხოლო დაცვას, წინასასამართლო სხდომის თარიღის ჩანიშვნით, სასამართლოს მიერ განესაზღვრება ეს ვადა. ბრალდების მხარე სასამართლოს თავის პოზიციას უსაბუთებს სახელმწიფო ინტერესით, დაცვა კი – ბრალდებულის, ეს ახდენს ზეგავლენას საკითხის გადაწყვეტაზე და აისახება ცალკეული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის შეცვლაზე დავაც. სასამართლო იშვიათად თუ იზიარებს დაცვის პოზიციას და ცვლის პირველად კვალიფიკაციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, რაც ნიშნავს ბრალდების მხარის მოსამართლეთა პროფესიულ დონესთან გათანაბრებას”.

ედიშერ მახარაძის აზრით, “მოსამართლე უფრო კვალიფიციური იურისტია, ვიდრე ბრალდების ან დაცვის წარმომადგენლები, მათ მეტი სამართლებრივი წინდახედულობა და გამოცდილება აქვთ, ე.ი. დანაშაულებრივი ქმედების ზუსტი შეფასების უნარი გააჩნიათ და ამ უნარს მოსამართლეები უნდა იყენებდნენ მუდამ“.

გასული წლის სექტემბერში კანონში შესული ცვლილების შემდეგ ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება მიენიჭათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლების მიღებას ყველა ადვოკატი ითხოვდა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში თითქმის არავინ იყენებს. თუ მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში ქურდობა აფთიაქთან ახლოს მოხდა, სათვალთვალო კამერიდან ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება ადვოკატსაც აქვს, მაგრამ ამისთვის მან სასამართლოს უნდა მიმართოს. მოსამართლე კი ნეიტრალურ გამომძიებელს ავალებს ადვოკატის შუამდგომლობის შესრულებას. თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია მტკიცებულება პირველად საქმის პროკურორს მიუტანოს.
„ჩემ მიერ გამოთხოვილ მტკიცებულებებს პირველად საქმის პროკურორი ამოწმებს და მერე მე. ხომ შეიძლება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საზიანო მტკიცებულება ამოიღონ ჩემი შუამდგომლობით? და გამომძიებელმა „ძალით“ რომ გამიფუჭოს მტკიცებულება, რა მოხდება ასეთ დროს? ჩვენ ადვოკატები ვართ და სიმართლის დადგენის ვალდებულება არ გვაქვს“, -ამბობს ემზარ პაქსაძე. დაცვის მხარე ამ არგუმენტით მტკიცებულებების მოპოვებას ერიდება.

ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში დაცვის მხარე უთანასწორო პირობებშია ბრალდების მხარესთან. ის, რომ დაცვის მოპოვებული მტკიცებულება პირველად ბრალდების მხარეს გადაეცემა, დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება: „ადვოკატი არ არის ვალდებული კლიენტის საზიანო მტკიცებულებები წარუდგინოს გამოძიებას. თანაც ჩხრეკისა და ამოღების ხარჯებს დაცვის მხარე ანაზღაურებს. რაც შეეხება კომპიუტერში დაცულ ინფორმაციას, მისი მოპოვების უფლებას კანონი დაცვის მხარეს საერთოდ უზღუდავს“.

თუმცა, ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ კოლეგებისგან განსხავებით, ამ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება სცადა -მან შუამდგომლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მათი საშვთა ბიუროდან ამონაწერის მიღება ითხოვა. ეს დოკუმენტი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე დასართავად სჭირდებოდა (ადვოკატი ეჭვობდა, რომ პირი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ადებდა ხელს, როგორც დამნაშავეს, საგამოძიებო უწყებებთან მანამდე ჰქონდა ურთიერთობა, ვიდრე დანაშაული მოხდებოდა): „ვეჭვობდი, რომ ე.წ. დაზარალებულმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა, ამიტომაც მაინტერესებდა ეს დაზარალებული რამდენჯერ იყო ნამყოფი საგამოძიები უწყების შენობაში“.

ადვოკატს საშვთა ბიუროდან მონაცემების მიღებაზე უარი უთხრა თბილისის საქალაქო სასამართლომ. უარის თქმის მიზეზი ადვოკატისთვის უცნობია. მას ასევე უარი უთხრა სასამართლომ სატელეფონო საუბრების ამოღების შუამდგომლობაზეც- მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატს ტელეფონით განუმარტა, რომ ეს პროკურორის პრეროგატივა იყო.
ადვოკატების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში, რომელსაც მალე კანონპროექტის სახით პარლამენტს წარუდგენენ, საუბარი კიდევ ერთ დეტალზეა – თუ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეში მყოფის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, კანონი ავალდებულებს ექსპერტიზის დასკვნა დაუყონებლივ ბრალდებას გადასცეს.

კანონპროექტების ავტორები კანონში კიდევ ერთი დეტალის დამატებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, პირს ბრალი ედება ყაჩაღობაში, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს იარაღი არ ჰქონია და მან ყაჩაღობა კი არა ქურდობა ჩაიდინა, შესაძლოა სასჯელის ზომა შეუმცირდეს და ბრალდების მუხლი შეიცვალოს. ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ მოსამართლეს მუხლის შეცვლა მხოლოდ ბრალდებულის სასიკეთოდ შეუძლია: `რეკომენდაციის მომზადების დროს ვისარგებლეთ ევროპული კონვენციით, მაგალითად, თუ ადამიანს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ იქურდა, მიზანშეწოლილია აპელაციამ დაცვის მხარეს მისცეს საშუალება დამატებით წარადგინოს მტკიცებულებები და მხოლოდ ამ ნაწილში საქმე არსებითად განიხილოს სასამართლომ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში ეს ვერ მოხერხდა“.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, გასულ წელს 251 პირს შეუმსუბუქდა სასჯელი სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოში 11 ადამიანს შეეცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სულ 17391 ადამიანის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

გადაბეჭდვის წესი