სიახლეები

როდის შეკეთდება გზა თამარის დასახლებაში

25.03.2015 • 1294
როდის შეკეთდება გზა თამარის დასახლებაში

 

ნაზი ფუტკარაძე თამარის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია თამარისა და ბარცხანის დასახლებების შემაერთებელი გზა არ შეკეთებულა და მოსახლეობას გზაზე ღრმულებისა და დატბორილი ქუჩის გამო გადაადგილებისას პრობლემები ექმნება:


„ესაა ბარცხანისა და ბენზეს დასახლებების შემაერთებელი გზა,  496 მეტრია ეს მონაკვეთი. ცუდ მდგომარეობაშია არა მარტო ნობელების, არამედ სხვა ქუჩებიც. ამ ქუჩაზე სამარშრუტო ხაზიც გადის და შეწუხებული არიან მძღოლებიც, გადაადგილება შეუძლებელია. ბენზეს დასახლებაში საოჯახო მედიცინის ცენტრია, სადაც ავადმყოფები მიდიან, ბავშვები სკოლაში დადიან… მივმართეთ მერიას, რომ პასუხი გაგვცენ, რას გეგმავენ, ასეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება. ადრე პერიოდულად მაინც გადიოდა გრეიდერი და ასეთი ღრუმლები არ იყო და წყალი არ დგებოდა, 2-3 წელია ამ გზაზე არაფერი გაკეთებულა“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.


თამაზ სალუქვაძე, მერის რწმუნებული თამარის ადმინისტრაციულ დასახლებაში ამბობს, რომ გზა შეკეთდება მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული:


„ერთი ტენდერი გამოცხადდა თებერვლის ბოლოს, ჩავარდა ის ტენდერი, ხელახალი გამოცხადდა და ამ თვის ბოლოს უნდა გამოვლინდეს ტენდერში გამარჯვებული და დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება. გზის მოხრეშვა, მოშანდაგება და გასწორება მოხდება, ჯერჯერობით კაპიტალურად ვერ გაკეთდება, რადგან ქალაქში მიმდინარეობს საკანალიზაციო და სანიაღვრე წყლების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2017 წლამდე გაგრძელდება, ამჯერად გზა მოწესრიგდება“ – განმარტა თამაზ სალუქვაძემ. 

 

გადაბეჭდვის წესი