სიახლეები

„თანატოლგანმანათლებლები“ ბათუმიდან

21.03.2015 • 1313
„თანატოლგანმანათლებლები“ ბათუმიდან

„15 წლის ასაკში ვამბობდი, რომ ბათუმი თურქების გარეშე უნდა იყოს, მაღიზიანებდა მეჩეთი ჩვენს ქალაქში. რაც ამ ცენტრის წევრი გავხდი, გავიარე ბევრი ტრენინგი ადამიანის უფლებებზე, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე  თანასწორობაზე და მივხვდი, რომ უნდა ვყოფილიყავი  ტოლერანტი. ამ კუთხით ჩემი ცნობიერებაც გაიზარდა.

კიდევ არის ის, რომ  აქტიური გავხდი. ადრე, როცა პრობლემა იყო ჩემს უბანში, მთავრობის მისამართით  გამოვთქვამდი მხოლოდ საყვედურებს. არასდროს არაფერი გამიკეთებია, როგორც მოქალაქეს, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. როცა ვხედავ ქუჩაში  ნაგვის ყუთი გადავსებულია, ვურეკავ სანდასუფთავებას. ვიცი, რომ თუ რაიმე არ მომწონს, მეც შემიძლია უნდა შევცვალო” – ამბობს ანა ტურიაშვილი. 

ბესო ხოზრევანიძე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეა. დღის უმეტეს ნაწილს ცენტრში ატარებს.  ბესო ამბობს, რომ ამ ცენტრმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: “სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან ბევრი ჩემი თანატოლი გავიცანი და დავიმეგობრე. მანამდე მეგონა, რომ სხვა ეროვნების ან რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთან ვერ ვიკონტაქტებდი, მეგონა მათთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი. მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო.

ადრე ვფიქრობდი, რომ თუ გასხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის მიმართ ტოლერანტობას გამოვიჩენდი, საზოგადოებას ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა. ეს მართლაც ასეა – უარყოფითი დამოკიდებულება მოდის, მაგრამ შიში დავძლიე. ცენტრში ყველანაირი შიში დავძლიე და  საკუთარ მოსაზრებას ყოველთვის  ღიად ვაფიქსირებ. ამ ცენტრის დახმარებით ჩემს ცნობიერებაში ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე. აქ  პიროვნულად განვვითარდი.“

 შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“  საზოგადოებას სამწლიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ცენტრი 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

ცენტრის კოორდინატორის, მარი ზაქარაძის განმარტებით, პროექტის მიზანი იყო ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრება, ეთნიკური ჯგუფების მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების გააქტიურება.

„მე ვფიქრობ ჩვენი ცენტრის ახალგაზრდები იქნებიან საზოგადოების ჯანსაღი და აქტიური წევრები მომავალში“ – ასე აჯამებს პროექტის შედეგებს მარი ზაქარაძე.

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდებოდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტი საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდებოდა. 

გადაბეჭდვის წესი