რეკლამა

სამაცივრე მეურნეობების პროგრამა ამოქმედდა – ერთად ევროპისკენ

28.02.2016 •
სამაცივრე მეურნეობების პროგრამა ამოქმედდა – ერთად ევროპისკენ

საქართველოს ევროკავშირში კურკოვანი კულტურის ექსპორტის შესაძლებლობა იანვრიდან მარტამდე აქვს, როდესაც ევროპაში ატმის, ვაშლატამას, ალუბლის, გარგარისა და ქლიავის დეფიციტია. თუმცა წლის ამ პერიოდში კურკოვანი კულტურის ნაკლებობაა საქართველოშიც. 2015 წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოდან ხილის ამ სახეობების ექსპორტის მაჩვენებელი ნულის ტოლია. ადგილობრივი კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი პროდუქტის მცირე რაოდენობა და სამაცივრე მეურნეობების არარსებობაა.

როდესაც ველაპარაკებით პარტნიორებს, აუცილებელი მოთხოვნაა სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, რაც ჩვენ შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია, რადგან არ არსებობს შესაბამისი შესაფუთი პირობები’’, – ამბობს ,,ფრუტილიას’’ დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ქართული კომპანია ,,ფრუტილია’’ ხილის ექსპორტს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბელორუსში ახორციელებს. ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე გასვლას რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ ახერხებს. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დარგს ხელისუფლებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

,,ევროკავშირში გატანას ვგეგმავთ, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია, რადგან ხარისხი და ფასი არ არის შესაბამისი. თუ საბაზრო ღირებულებამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ კონკურენტული ფასი შევთავაზოთ, შეუძლებელია ექსპორტის განხორციელება. დარგს სჭირდება ხელისუფლებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა, რომ პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიტანოთ. უნდა იყოს შესაბამისი შესაფუთი სამაცივრე სისტემები, ლოჯისტიკური საშუალებები, რომ ხილი დაბინავდეს სეზონზე და შემდგომ სისტემური და სტაბილური მიწოდება მოხდეს,’’ –  ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

კურკოვანი კულტურა –  ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, გარგარი და ალუბალი ევროპის არა ერთ ქვეყანაში მოდის, ამიტომ ევროკავშირში განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ იანვრიდან მარტამდე ხორციელდება, როდესაც მოსავლის სეზონი არ არის. ამ მიმართულებით ევროპის ყველაზე დიდი მომმარაგებლები სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და ჩილე არიან. განვითარებადი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ოდენობით კურკოვანი კულტურა ევროკავშირში ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოს შეაქვთ, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ბაზრებზე რეექსპორტს ახორციელებენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ატამზე, ვაშლატამაზე, ქლიავზე, გარგარსა და ალუბალზე გერმანიაშია. 2014 წელს გერმანიაში 451 000 ტონა კურკოვანი კულტურა შევიდა. გერმანიის შემდეგ ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან: საფრანგეთი (190 000 ტონა), გაერთიანებული სამეფო (177 000 ტონა), იტალია (143 000 ტონა) და პოლონეთი (130 000 ტონა).

გორის რაიონში ქლიავის ბაღების გაშენებას იწყებს გიორგი მაჭარაშვილი, რომელმაც პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში თანხა მიიღო. პროგრამა „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენებას ისახავს მიზნად. მაჭარაშვილმა ქლიავის ბაღებისთვის ამ ეტაპზე 335,000 ლარი დაიხარჯა, აქედან თანადაფინანსებამ 192,000 ლარი შეადგინა. ატმის ბაღებისთვის 69,000 ლარი გამოიყო, ხოლო თანადაფინანსებამ 41,000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გარგარის, ვაშლატამასა და ალუბლის ბაღებს, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში განაცხადი აღნიშნული კულტურების ბაღის გაშენებაზე არ შესულა. გიორგი მაჭარაშვილი 3 წელიწადში უკვე ქლიავის მოსავალსაც მიიღებს, თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე სურს დამკვიდრება, მომავალში კი ექსპორტსაც გეგმავს.

`ვფიქრობ, ექსპორტზე გასვლას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან საქართველოს ბაზარი დეფიციტურია, იმპორტული პროდუქტია დომინანტი, ჯერ ადგილობრივი ბაზარი უნდა დავიკავოთ, შემდეგ ექსპორტზე ვიფიქრებთ. ევროპის მიმართულებით გამოცდილება ნაკლებია, არ ვიცი, გადამზიდი კომპანიები თუ მუშაობენ, ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხია. ნაკლები ინფორმაცია მაქვს ევროპის ბაზართან დაკავშირებით,“ – ამბობს გიორგი მაჭარაშვილი.

იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ხილის სათანადოდ შენახვა და შემდგომ საჭირო დროს ექსპორტირება შეძლონ, რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას სამაცივრე მეურნეობების კომპონენტი გასული წლის ნოემბერში დაემატა, ახალი მიმართულება სავარაუდოდ თვის ბოლომდე ამოქმედდება.

თანხის მიღების მსურველებს სხვადასხვა საბუთთან ერთად ვთხოვთ 2 დოკუმენტს – ეს არის შუამდგომლობა რაიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან, ასევე, ტექნოლოგიების შესაბამისი ცნობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ცენტრიდან იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატურია იმ ხილის შესანახად. ეს ცნობები როგორი უნდა იყოს, ამ ფორმაზე ვმუშაობთ. ჩვენ ორივე მხარეს გავუგზავნეთ ნიმუში, ვთხოვეთ, მოგვწერონ შენიშვნები, ამ ეტაპზე ველოდებით მათ პასუხს. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ კომპონენტის ამოქმედებას“, –  აცხადებს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერი რევაზ ასათიანი.

სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად თანხის გაცემას ითვალისწინებს კიდევ ერთი პროგრამა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე სამაცივრე მეურნეობების მშენებლობისთვის ლარში – 14, ხოლო დოლარში 28 სესხია გაცემული. შეკითხვაზე, რატომ არის იანვრიდან მარტამდე ხილის ექსპორტის მაჩვენებელი კვლავ ნულის ტოლი, პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ მომავალ წლებში გაცილებით მეტი პროდუქტის შენახვა გახდება შესაძლებელი, რადგან სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა ახლახან დასრულდა.

„ყველაზე მეტი სესხი 2014 წელს გაიცა. 2015 წელს ხშირ შემთხვევაში დასრულებულიც არ იყო მშენებლობა, თუმცა ეს მიმართულება განვითარებადია, კიდევ გაიცემა კრედიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ ახალი სამაცივრე მეურნეობები აშენდება. 2016 წლის სეზონზე უფრო მეტი მაცივარი იქნება მუშა მდგომარეობაში, რაც საშუალებას მოგვცემს, 2016-2017 წლების ზამთრის სეზონისთვის მეტი პროდუქტი შევინახოთ. თუ რუსეთმა და უკრაინამ ვერ აითვისეს, ევროკავშირშიც გავა ხილი. როდესაც ერთხელ შეიტანენ ევროპაში, ნახავენ, რომ ეს ბაზარი უფრო მომგებიანია, ალბათ შემდეგ უფრო გააქტიურდებიან ამ მიმართულებით, ეს გზაც გაიჭრება და უფრო დიდი წილი ევროკავშირზე გადაერთვება, თუმცა ამისთვის დროა საჭირო. თვითონ მეწარმემ უნდა განსაზღვროს რა არის მისთვის უკეთესი. დრო სჭირდება, დაინახოს, რომ ევროკავშირი უფრო მომგებიანია, ვიდრე რუსეთის ბაზარი, რომელიც შესაძლოა, არასტაბილური იყოს თუნდაც რუბლის კურსის ცვალებადობისა ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო. ბიზნესმენები ამ ეტაპამდე მივლენ~, _ აცხადებს გიორგი ჯიბლაძე.

შპს „ელენიქსტა~ ერთ-ერთია იმ სამ კომპანიას შორის, რომელმაც სესხი კურკოვანი კულტურის სამეურნეო მაცივრის მოსაწყობად შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო. „ელენიქსტა~ ხილის წარმოება-რეალიზაციას ეწევა, ქლიავის ბაღები კი 14 ჰექტარზე გააშენა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაძეს ხილის შენახვის საშუალება ექნება, ექსპორტზე გასვლას ამ ეტპაზე მაინც ვერ მოახერხებს.

„ადგილობრივი ბაზარიც არ არის დაკმაყოფილებული, იმდენად ცოტაა მოსავალი, ექსპორტზე კი არა, აქაც არ გვყოფნის. ფასიც მაღალია, ქლიავი აქ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროკავშირში. მოსავალი ცოტაა, ასევე, არ არიან ტექნოლოგები, ცოტა მებაღე და აგრონომია, მათი გადამზადებაა საჭირო, ან უნდა ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ხარისხიან ხილის წარმოებაში დაგვეხმარონ. ქართველებს გვიჭირს ხარისხიანი და უხვი პროდუქციის მოყვანა’’, –  ამბობს შპს „ელენიქსტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კვირიკაძე.

იმისთვის, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში კურკოვანი კულტურა შევიდეს, იმპორტიორი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს. მინიმალური მოთხოვნებია: ხილს არ უნდა აღენიშნებოდეს დაზიანება, იყოს სუფთა, საღი, პესტიციდებისგან თავისუფალი, ჰქონდეს ტენიანობის შესაბამისი დონე, იყოს სათანადოდ დამწიფებული, საბოლოო ჯამში ხილი ტრანსპორტირების შედეგად არ უნდა დაზიანდეს.

განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ცენტრმა ევროპაში ატმის, ვაშლატამის, გარგარის, ალუბლისა და ქლიავის შეტანის მსურველებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

უნდა გახდე გრძელვადიანი საცალო გაყიდვების პროგრამის ნაწილი და გააუმჯობესო შენი კომპანიის საქმიანობა გამოცდილ მყიდველებთან ურთიერთობების გაღრმავებით;

უნდა შეეცადო კონკურენცია გაუწიო სხვებს არა მხოლოდ ფასში, არამედ ხარისხსა და მიწოდებაშიც;

ეძებო შესაძლებლობები, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცია შეიტანო მაშინ, როდესაც იქ ამ პროდუქტის დეფიციტია, შეეცადო, ახალი სახეობებით მოამარაგო ევროპა. მოლაპარაკებების პროცესში ნოვატორებს გაცილებით ძლიერი პოზიციები აქვთ;

მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ინფორმაცია შენი კომპანიისა და პროდუქტის ხარისხის შესახებ. სტაბილური პარტნიორობა დაგეხმარებათ ბაზარზე საკუთარი პოზიციის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში;

გამოიყენეთ კონკრეტული ისტორიები, რაც აჩვენებს ხილის წარმომავლობას –  საინტერესო ამბები თქვენს პროდუქტს სხვებისგან განსხვავებულს გახდის.

ფასი ევროკავშირის სუპერმარკეტებში: 

  • გარგარი – 00 – 7,50 ევრო/კგ
  • ალუბალი – 00-10.00 ევრო/კგ
  • ატამი და ვაშლატამა – 50-6.00 ევრო/კგ
  • ქლიავი – 50-7.50 ევრო/კგ

იბეჭდება მცირედი შემოკლებით.

მომზადებულია http://eugeorgia.info მიერ.

გადაბეჭდვის წესი