რეკლამა

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე

28.02.2016 •
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე

1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და პროდასავლური კურსი აიღო. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყო. 

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან 24-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ, როგორც ნატოს პარტნიორმა, 1992 წლიდან დღემდე გრძელი და მნიშვნელოვანი გზა განვლო. 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ განცხადებით, მოკავშირეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება გამოხატეს, ეს ნატოს მომდევნო სამიტებზეც მრავალჯერ დადასტურდა. ბუქარესტის სამიტიდან დღემდე მნიშვნელოვნად განვითარდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები – დაფუძნდა ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც მნიშვნელოვანი საკონსულტაციო ფორუმია; საქართველომ დაიწყო ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება, რომელიც შინაარსით გაწევრიანების სამოქმედო გეგმის პრაქტიკული ნაწილია; საქართველოს მიენიჭა ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი.

ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონკრეტული შედეგებიც გამოიღო.

პირველ რიგში, ალიანსის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველო ეფექტურად ახორციელებს რეფორმებს, რაც ქვეყანაში დემოკრატიული  პროცესების განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს. ამასთან, საქართველოს მიერ ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტურად განხორციელება და ნატოს პროგრამებში მონაწილეობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ტრანსფორმაციას და თანამედროვე, მოქნილი, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარის ჩამოყალიბებას.

საქართველოს მიერ პირნათლად და წარმატებით განხორციელებული რეფორმები არაერთგზის  აღინიშნა  ნატოს და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ.

ამას გარდა, 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ამოქმედებით საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს  თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას.

ნიშანდობლივია, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და საქართველო, როგორც ნატოს ოპერაციების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორთა“ ჯგუფში მიიწვიეს. ეს ფორმატი საქართველოს დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციებისა და ურთიერთთავსებადობის საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობს. საქართველო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს დროშის ქვეშ ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით და წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს.

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები  ნატოსთან თავსებადობის უმაღლესი დონის მაჩვენებლით სარგებლობს. 12 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ამერიკელი საზღვაო ქვეითების ინსტრუქტაჟით შესაბამისი წვრთნა გაიარა და ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა, საქართველო ჩართულია მაღალი მზადყოფნის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც ქვეყანას ნატოს მაღალი დონის წვრთნასა და სწავლებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს და ქართული ჯარის ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

2015 წლის დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მონტენეგროს მიწვევა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნათელი და მკაფიო გზავნილია საქართველოს, როგორც ასპირანტი სახელმწიფოსთვის, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად რჩება. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად  ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ინტეგრაციის კონტექსტში არის ნატოს 28 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს გაწევრიანებისთვის და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად ესაჭიროება.

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროცესები იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, კიდევ უფრო მეტი წარმატება ელის. ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა და საშუალებები, კიდევ უფრო ეფექტურად დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრიობა.

Ceremony for the opening of the Joint Training and Evaluation Centre at the Krtsanisi Military Facility

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი