სიახლეები

ფოტორეპორტაჟი თევზის ბაზრიდან

13.12.2014
ფოტორეპორტაჟი თევზის ბაზრიდან
გურამ მგელაძე

გურამ მგელაძე თევზის ბაზარში 15 წელია მუშაობს. იგი ამბობს, რომ თევზაობა ძალიან უყვარს, თუმცა ახლა დრო აღარ ჩება ამისთვის: „20 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი, მეგობარს გამოვყევი, უმუშევარი ვიყავი. დავინახე დარჩენის შესაძლებლობა, მას მერე აქ ვარ და ამ სირთულეების ფონზე ვმუშაობ. ყველაზე მეტი მოთხოვნა სტავრიტასა და ბარაბულკაზეა, ამიტომაც ვცდილობ ეს თევზი მქონდეს დახლზე, თევზაობით ვეღარ ვთევზაობ.“

 

მარინა მესხი

მარინა მესხი 28 წელის წინ ჩამოვიდა ბათუმში იმერეთიდან. „შვილი ვერ გამოვუშვი მარტო, პატარა იყო მაშინ. ის აპირებდა თევზის ბაზარში მუშაობას, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქ მე დავრჩი, მას არ უმუშავია. ბათუმში ჩამოსვლის დღიდან მოვხვდი თევზის სისტემაში, მას შემდეგ მივყვები ამ დინებას, იმდენი წელი გავატარე ბათუმში, ვხუმრობ ხოლმე, აჭარელი ვარ-მეთქი. იმის მიუხედავად, რომ ქალისთვის რთული პირობებია აქ, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შესაძლებლობა მაქვს აქ მუშაობის.“

შოთა ანტონიანი

შოთა ანტონიანი: „ადრე ავეჯის საამქროში ვმუშაობდი, 20 წლის წინ დაიხურა ეს საამქრო და დავრჩი უმუშევარი, მას მერე წამოვედი აქეთ. შემოსავალი რომ გქონდეს და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა, ყველა პირობას შეეჩვევი, შესაბამისად არ გამჭირვებია, კმაყოფილი ვარ ამ შემოსავლით, ოჯახს ვინახავ. ჯანმრთელობა და მშვიდობა – ეს არის ყველაზე დიდი სურვილი, რაც ახლა მაქვს. წარსულს ვიცი რომ ვერ დავიბრუნებ, არც იმ ასაკში ვარ, ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მქონდეს.“

მანანა ენდელაძე

მანანა ენდელაძე: „მეოთხე წელიწადია აქ ვმუშაობ, ხელოვანი ვიყავი, თეატრალური მაქვს დამთავრებული, არ მინდა მაგ თემის გახსენება, მტკივნეული მოსაგონარია, რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიყავი. აქ მოსული ყველა ვიღაც იყო, დღეს აღარავინ აღარ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ ვარ ასე. სიმსივნე მაქვს, ძალიან მიჭირს ამ დაავადებასთან ბრძოლა, რომ არა სახელმწიფოს დახმარება, ვერაფერს შევძლებდი, მკურნალობის კურსს გვიფინანსებენ, მაგრამ მედიკამენტები ისეთი ძვირი ღირს, ნახევარის ყიდვას ვერ ვახერხებ, 500 ლარი მინიმუმ მჭირდება მედიკამენტებში. მარტოხელა ვარ, ამ თანხას ვერ ვაგროვებ, ამიტომაც ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა, ეს არის მედიკამენტები, იქნებ კიბოს წამლები გააიაფონ.“

მიხეილ მგელაძე

მიხეილ მგელაძეს ყველაზე  ნაკლები დრო აქვს გატარებული თევზის ბაზარში, ის აქ სამი წლის წინ მოვიდა, ზღვა და თევზი არასოდეს ყოფილა მისთვის უცხო, პროფესიით მეზღვაურია, თევზის ბაზარში მოსვლამდე პორტში მუშაობდა: „შემცირებაში მოვყევი და აქ წამოვედი, ეს სამსახური არ გამიჭირდებოდა ვიცოდი, ძირითადად ზამთარშია დატვირთვა, ზაფხულში მუშაობა არ გვაქვს, ზამთარში სიცივე ართულებს ყველაფერს, აქ ცივა, ჩვენ კი სულ წყალთან გვიწევს ურთიერთობა. ძირითადად შავი ზღვის თევზს ვიღებთ.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.