სიახლეები

მედეა ვასაძის ფარულ ჩანაწერს აჭარის მთავრობა ეხმიანება

13.09.2014
მედეა ვასაძის ფარულ ჩანაწერს აჭარის მთავრობა ეხმიანება

 

ლევან ჯაში

 

ლევან ჯაში:

„მედეა ვასაძის მიერ, სოციალურ ქსელში ატვირთულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მასთან პირად საუბრის შინაარს, მინდა განვმარტო: როდესაც მოხდა მედეა ვასაძის ნათესავის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მის გარემოცვაში მყოფმა დეპუტატებმა აღშფოთება გამოთქვეს. რომ მისი ოჯახი დარჩა მშიერი. 

 

შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ იმ ადამიანს დაავალა მასთან შეხვედრა ვისაც ეს ეხება კანონით გაწერილი ინსტრუქციით. პარმენ ჯალაღონია შეხვდა მედეა ვასაძეს, სადაც მედეა ვასაძეს განემარტა, რომ მთავრობის თავმჯდომარე, იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდებოდა, რომ უწყებაში აღმოჩენილი ხარვეზი დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ გულგრილობასთან ან განზრახ დანაშაულთან, ამ შემთხვევაში მოგვიანებით მოხდებოდა ამ ადამიანის სხვა სფეროში დასაქმება.“ 

 

ლევან ჯაშმა აღნიშნა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოქვეყნებული იქნას მათ ხელთ არსებული ყველა მასალა.  „თუკი ვინმეს რამე აქვს სათქმელი, გამოვიდეს, ღიად დააფიქსიროს და არ არის საჭირო ინტრიგების ხლართვა და ბინძური კამპანიების აგორება“ – აღნიშნა ლევან ჯაშმა. 

 

“მე პირადად მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან იქონიონ წერილობითი ურთიერთობა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა მათთან, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, შეუძლებელია”.

 

ლევან ჯაშის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ქმედებები „გამოწვეულია ხელოვნურად და ემყარება ერთი ადამიანის პირად, ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს“, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის აჭარის რეგიონში აბსოლუტური მონოპოლიის მოპოვების მცდელობა  გარკვეულ პოზიციებზე და „შესაბამისად პრობლემების შექმნა ქართული ოცნების კოალიციისთვის რეგიონში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.