მთავარი,სიახლეები •

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შვეიცარიაში საერთაშორისო ჯილდო მიიღო

23.10.2026
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შვეიცარიაში საერთაშორისო ჯილდო მიიღო

ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა „მთის ამბების“ დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი შვეიცარიაში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებული გახდა.

მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი აღნიშნულ ჯილდოს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადასცემს იმ პირებსა და დაწესებულებებს, რომლებმაც გამორჩეული სამსახური გაწიეს მსოფლიოს მთებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.

ჯილდო გელა მთივლიშვილს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს, 23 ოქტომბერს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, შვეიცარიის ალპურ მუზეუმში გაიმართება.

გელა მთივლიშვილი გამოცემა Mtisambebi.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტია. იგი წლებია აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს, ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.

გამოცემა „მთის ამბები“ მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედიაპლატფორმაა, რომლის მისიაა, იყოს რეგიონული განვითარებისა და ცვლილებების კატალიზატორი.

გამოცემას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2023, 2024, 2025); ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის (2023); ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (2020); GIPA-ს და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ჯილდო ექსტრემიზმის გაშუქებისთვის და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: