5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 აფეთქება მოჰყვა. მოგვიანებით, დარტყმები განმეორდა.
ოფიციალური ცნობებით ხანძრები გაჩნდა ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში, საწყობებში. ასევე, ჰოლოსიევსკის რაიონში კერძო სახლი განადგურდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ამავე რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ამიაკის შემცველი ნივთიერების კონტეინერი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიევის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონში დაფიქსირდა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ასევე, ბუჩას რაიონში რუსეთის თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიციცხლე ემსხვერპლა და ერთი ადამიანი დაიღუპა ფასტივის რაიონში.
დაშავებულთა ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი. ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება.






